წინასწარი მონაცემებით, მარტში ეკონომიკურმა ზრდამ 5.3%, ხოლო იანვარი-მარტის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 5.0% შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2017 წლის მარტის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის მარტში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,3 პროცენტი, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალურმა ზრდამ 5,0 პროცენტი შეადგინა.
„2012 წლის იანვრიდან საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე.
„აღნიშნული შეფასებები საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას წარმოადგენს, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით არის გაკეთებული.
„შესაბამისად, რეალური კვარტალური გაანგარიშებები შესაძლოა განსხვავდებოდეს წინასწარი შეფასებისგან. გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს,“-ნათქვამია ინფორმაციაში.