მარტში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 5.3% შეადგინა. როგორც ეკონომიკის სამინისტრო იუწყება, წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის მარტში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5.3%-ს შეადგენს. 2017 წლის იანვარში რეალური ეკონომიკური ზრდა 5.2%-ს, თებერვალში კი 4.4%-ს შეადგენდა. 2017 წლის 1-ლი კვარტლის საშუალო რეალურმა ზრდამ 5% შეადგინა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ "საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მონაცემები შეაფასა.
მისი განცხადებით, რაც შეეხება ზრდის გამომწვევ ფაქტორებს, სექტორულ ჭრილში ზრდაა შემდეგი მიმართულებებით: დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა - სასტუმროები და რესტორნები, უძრავი ქონება და ვაჭრობა.
ნინო ჯავახაძის ინფორმაციით, ასევე ზრდაზე დადებითად მოქმედებს საგარეო ფაქტორების გაუმჯობესება, როგორიცაა ექსპორტი.
"2017 წლის ამ თვეში ჩვენ გვქონდა ექსპორტის 30% - იანი ზრდა. ეკონომიკურ ზრდაზე დადებითად მოქმედებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა - ფულადი გზავნილები (სამ თვეში 22% - იანი ზრდა), ზრდა ასევე კვლავ გრძელდება ტურიზმის მიმართულებით, რაც სასიხარულო ფაქტორია - კერძოდ, ვიზიტორების რაოდენობამ 2017 წლის იანვარ-მარტში 1 266 125 შეადგინა", - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, "საქართველოს მთავრობა შემდგომშიც გააგრძელებს ზრდის ხელშემწყობ რეფორმებს და იმედი გვაქვს, რომ მომავალი პერიოდის ეკონომიკური ზრდაც დადებითი იქნება".
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა (რომლებზე დაკვირვებაც ხდება ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად) გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით იანვარში 20.7%-ით, თებერვალში 14.6%-ით, ხოლო მარტში 16.7%-ით არის გაზრდილი.
მიმდინარე წლის მარტში მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში: მშენებლობა; დამამუშავებელი მრეწველობა; სასტუმროები და რესტორნები; ვაჭრობა; ოპერაციები უძრავი ქონებით.
სამინისტროს განცხადებით, მაღალი ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად განაპირობა საქართველოს საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულმა მონაცემებმა და პროდუქციის ექსპორტის ზრდამ. კერძოდ, 2017 წლის იანვარ- მარტში გაიზარდა: ფეროშენადნობების ექსპორტი - 201%-ით; ღვინის ექსპორტი - 62.5%-ით; სამკურნალო საშუალებების ექსპორტი - 60%-ით; სპილენძის მადნების და კონცენტრატების ექსპორტი - 17%-ით.
"საქონლის ექსპორტის ზრდა მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და შესაბამისად, ექსპორტირებულ საქონელზე მოთხოვნის ზრდასთან.
საერთაშორისო ვაჭრობის გარდა, 2017 წლის იანვარ-მარტში გაუმჯობესდა ზრდის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც, მათ შორის: 22%-ით გაიზარდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და მისმა მოცულობამ 290 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ფულადი გზავნილები შიდა მოთხოვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, შესაბამისად, მისი ზრდა ეკონომიკურ ზრდაზე დადებითად აისახება", - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, 2017 წლის მარტში ტურიზმიდან შემოსავლები 28%-ით გაიზარდა და 180 მლნ აშშ დოლარი (39 მლნ აშშ დოლარით მეტი) შეადგინა, ხოლო იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 23%-იანი ზრდა დაფიქსირდა და 435 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა (83 მლნ აშშ დოლარით მეტი). 2017 წლის იანვარ-მარტში 11.4%-ით გაიზარდა საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა და 1 266 125 ვიზიტორი შეადგინა.
"მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები და საგარეო შოკების გადალახვის ტენდენცია დადებითად აისახება საინვესტიციო გადაწყვეტილებებზეც, რაც პოზიტიურად მოქმედებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე", - განაცხადეს სამინისტროში.