ირაკლი ღარიბაშვილი ინვესტორებს პირობას აძლევს, რომ ინვესტიციის თითოეული ცენტი იქნება დაცული

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, იყოს გამჭვირვალე, სამართლიანი და უსაფრთხო საინვესტიციო გარემოს გარანტორი ქვეყანაში.

"ნება მომეცით, როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა, სიტყვა მოგცეთ, რომ თქვენს მიერ განხორციელებული ინვესტიციის თითოეული ცენტი იქნება დაცული", - მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს სასტუმრო "ჰოლიდეი ინში", სადაც საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ ქვეყანა ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთ სამაგალითოდ იქცეს.

"მას შემდეგ, რაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი ხელისუფლებაში მოვიდა, მთავარ ღირებულებად და პრიორიტეტად გამოცხადდა კანონის უზენაესობა და კერძო საკუთრების დაცვა. სხვადასხვა ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველო ინარჩუნებს მყარ პოზიციებს, მაგალითად, მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების სიმარტივის ინდექსის თანახმად, საქართველომ გააუმჯობესა მაჩვენებლები და მერვე ადგილზე გადაინაცვლა. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა წელს მიაღწევს 6,3 პროცენტს, ნაცვლად 5 პროცენტისა, როგორც თავიდან იყო ნავარაუდევი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის განმარტებით, საქართველოს, გარდა იმისა, რომ აქვს ხელსაყრელი გარემო ბიზნესის წარმოებისთვის, აქვს განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობაც.

"მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა სულ რაღაც 4,5 მილიონია და ეს, ერთი შეხედვით, შეიძლება არამომგებიან ბაზრად იქნეს მიჩნეული, სულ სხვა სურათს დავინახავთ, თუ საქართველოს შევხედავთ, როგორც რეგიონულ ცენტრს. საქართველო თავისი ადგილმდებარეობით არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის ცენტრი, არამედ ცენტრალური აზიისა და ევროკავშირის, დასავლეთისა და აღმოსავლეთ ბაზრების დამაკავშირებელიცაა", - განმარტა პრემიერმა.

ისრაელი-საქართველოს მეორე ბიზნესფორუმის ძირითადი მიმართულება კომუნიკაციები და კომუნიკაციების სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაა. ფორუმში ისრაელში მოქმედი რამდენიმე ათეული ბიზნესკომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობს.