ქობულეთის შემოვლით გზაზე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ხიდი შენდება.
როგორც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება, მათი დეპარტამენტი, ქობულეთის ზღვისპირა ზოლის განტვირთვისთვის, ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობას აქტიურად აგრძელებს.
„პირველი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა და ამ ეტაპზე, მეორე - 18 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს. ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, სულ 15 ხიდი აშენდება. მათ შორის არის ხიდები, რომელთა მშენებლობაც, ახალი MSS“ ტექნოლოგიით – ბურჯებზე მოძრავი სისტემის ყალიბის გამოყენებით ხორციელდება. ახალი ტექნოლოგიით მიმდინარეობს სოფელ საჩინოსთან, საქართველოში ყველაზე გრძელი სახიდე გადასასვლელის – ვიადუკის მშენებლობა, რომლის სიგრძე 1 180 მეტრია“, - აცხადებენ დეპარტამენტში.
ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე მონაკვეთზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ დაათვალიერა.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა რეგიონისთვის და საერთოდ, ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან აჭარის ტერიტორიაზე ადგილობრივი და სატრანზიტო საავტომობილო მიმოსვლა გაადვილდება, მნიშვნელოვნად შემცირდება მგზავრობის დრო და შესაბამისად, ხარჯებიც. აჭარის ზღვისპირა ზოლიდან სატრანზიტო მოძრაობის ახალ გზაზე გადართვა კი კურორტების ეკოლოგიურად გაჯანსაღებასა და რეგიონში ტურიზმის სრულფასოვან განვითარებას შეუწყობს ხელს.
პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და მისი ღირებულება 209 852 079.67 ლარია.