2016 წელს ემიგრანტების რაოდენობა 2,4%-ით გაიზარდა

2016 წელს ემიგრანტების რაოდენობამ 98,3 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე 2,4 პროცენტით მეტია.

საქსტატის მონაცემებით, იმავე პერიოდში იმიგრანტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით, 2,5%-ით შემცირდა და 90,2 ათასი კაცი შეადგინა. შედეგად, 2016 წელს მიგრაციული სალდოს (სხვაობა იმიგრანტებისა და ემიგრანტების რიცხოვნობას შორის) უარყოფითი მაჩვენებელი -8,1 ათასი კაცის დონეზე დაფიქსირდა.

საქსტატის ინფორმაციით, 2016 წელს ემიგრანტი მამაკაცების რაოდენობა (55 255 კაცი), ქალების რაოდენობას (43 033 ქალი) 12 222-ით აღემატება. აღსანიშნავია, რომ 2015 წელთან შედარებით, ემიგრანტი მამაკაცების რაოდენობა 562-ით შემცირდა, ქალების კი 2 885-ით გაიზარდა. საერთო ჯამში 2016 წელს ემიგრანტების რაოდენობა (98 288 კაცი) 2015 წელთან შედარებით, 2 323-ით გაიზარდა.

რაც შეეხმება იმიგრანტებს, 2016 წელს ქვეყანაში შემუსული მამაკაცების რაოდენობა (54 355 კაცი) ქალების რაოდენობას (35 873 ქალი) 18 482-ით აღემატება. 2015 წელთან შედარებით იმიგრანტი მამაკაცების რაოდენობა 2 337-ით შემცირდა, ქალების კი 8-ით გაიზარდა. საერთო ჯამში 2016 წელს იმიგრანტების რაოდენობა (90 228 კაცი) 2015 წელთან შედარებით 2 329-ით შემცირდა.

ემიგრანტების უმეტესობა - 14 534 ათასი ადამიანი 24-29 წლისაა, მათ შორის 9 244 კაცია, 5 290 კი ქალი. რაც შეეხებათ იმიგრანტებს, მათი უმეტესობაც, 12 767 ადამიანი 24-29 წლისაა, მათ შორის 8 374 კაცია, 4 393 კი ქალი.