ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ქართული ეროვნული ვალუტით დენომინირებულ პირველ ევრობონდს გამოუშვებს , - აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერამ და „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი შაგიძემ პრესკონფერენცია გამართეს.
კობა გვენეტაძემ დღევანდელ დღეს მნიშვნელოვანი უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი და EBRD დიდი ხანია წარმატებით თანამშრომლობენ სხვადასხვა პროექტებში.
„ლარით დენომინირებული ბონდების გამოშვებაც ამ თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითია. საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად უჭერს მხარს ლარით დენომინირებული ბონდების გამოშვებას, რაც სრულიად ახალი ეტაპია ქართული კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ გასულ წელს შეიმუშავეს კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია. ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რომ ეს სტრატეგია მოქმედებაში მოვიყვანოთ. ის ფაქტი, რაზეც ვსაუბრობთ, სწორედ ამ მხრივ გადადგმული ნაბიჯია. EBRD იყო პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელმაც 2014 წელს ლარით დენომინირებული ფასიანი ქაღალდები ადგილობრივ ბაზარზე გამოუშვა. ახლა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი იგივეს ევროპის ბაზარზე განახორციელებს. აღსანიშნავია, რომ ევრობონდების ბაზარს საკმაოდ ბევრი ინვესტორი ჰყავს, რომელთაც უკვე დღეიდან შესაძლებლობა ექნებათ ლარით დენომინირებული ფასიანი ქაღალდები შეიძინონ. ვიმედოვნებთ, რომ ლარით დენომინირებული ფასიანი ქაღალდებზე ხელმისაწვდომობა გაზრდის ქართული ბაზრის ცნობადობას და ხელს შეუწყობს ქართული კაპიტალის ბაზრების მიმზიდველობას ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
თავის მხრივ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერმ განაცხადა, რომ ზუსტად სამი წლის წინ, 2014 წელს მოხდა მსგავსი შემთხვევა - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდები გამოუშვა ადგილობრივი ბაზრისთვის, რომლის ვადიანობა 2 წელი იყო.
„ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც ეს გააკეთა და შემდეგ მოგვბაძა სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა. 2015 წლის თებერვალში ჩვენ გამოვუშვით მეორე რაუნდი ფასიანი ქაღალდების ამჯერად ვადიანობა 2 წლის ნაცვლად, იყო 3 წელი. მესამედ 2016 წლის ივნისში გამოვუშვით ფასიანი ქაღალდები ლარში დენომინირებული ამჯერად 5 წლის ვადიანობით და საქართველოს ფასიანი ქაღლდების საფონდო ბირჟაზე განვათავსეთ. თუ ჩამოთვლილი 3 შემთხვევა იყო ფასიანი ქაღალდების განთავსება ადგილობრივ ბაზარზე, ამჯერად ცხადდება უპრეცედენტო ღონისძიება, როდესაც ევროობლიგაციები განთავსდება ლონდონის საფონდო ბირჟაზე ვადიანობა იქნება 5 წელი და ამით ქვეყნის ცნობადობა გაიზრდება“, - განაცხადა ბალვანერამ.
„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის გიორგი შაგიძის თქმით, „თიბისი ბანკმა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა მოახდინეს ძალიან მნიშვნელოვანი და უპრეცედენტო ტრანზაქციის განხორციელება, რომლის მიხედვითაც ლონდონის საფონდო ბირჟაზე 120 მილიონი ლარის ოდენობის ევრობონდების განთავსება მოხდა.
„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლონდონის საფონდო ბირჟაზე ასეთი ტიპის ფასიანი ქაღალდის განთავსება მოხდა. ამასთან, ეს ფასიანი ქაღალდი ასევე განთავსდა Clearstream-ში, რომელიც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ქართული ფასიანი ქაღალდის საერთაშორისო სისტემაში მოხვედრისთვის. ეს ტრანზაქცია გზას უხსნის სხვა ტიპის მსგავსი ქართული ფასიანი ქაღალდების განთავსებას საერთაშორისო ბაზარზე. ამასთან, ეს ტრანზაქცია მნიშვნელოვანია დედოლარიზაციის პროცესში, რომელშიც აქტიურადაა ჩართული როგორც კომრციული ბანკები და ეროვნული ბანკი, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები“, - განაცხადა შაგიძემ.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2016 წლის იანვარში, რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ, საერთაშორისო დეპოზიტარმა Clearstream-მა ქართული ფასიანი ქაღალდების ბაზარი უცხოელ ინვესტორებს გაუხსნა. EBRD-ის მიერ ქართული ლარით დენომინირებული ევრობონდების გამოშვებაც მათთან თანამშრომლობით ხდება. 120 მილიონი ლარის ევრობონდი (46.7 ევროს ექვივალენტი) ემისიის შემდეგ სწორედ Clearstream-ში განთავსდება. ემისია სს „თიბისი ბანკის“ დახმარებით განხორციელდა, რომელიც გახდა კიდეც განთავსების გარანტორი.
სებ-ის ცნობით, კუპონის განაკვეთი EBRD-ის ლარით დენომინირებულ ევრობონდზე მიბმული არის ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული სამთვიანი სადეპოზიტო სერთიფიკატის საპროცენტო განაკვეთზე. მას შემდეგ, რაც EBRD აღნიშნული ბონდის ლონდონის საფონდო ბირჟის ლისტინგში ჩართვაზე განაცხადებს, ბონდები ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციებისთვის მისაღებ გირაოს ბაზაში ჩაერთვება.
ეროვნული ბანკის ცნობით, დღემდე EBRD-მა საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, 3.1 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა, მთლიანობაში 205 პროექტში. EBRD-ის მიერ ქართული ლარით გაცემული პირველ სესხს ხელი 2010 წლის მარტში მოეწერა.