ცოტნე ყავლაშვილი - ბიზნესაქტივობა 2017 წლის აპრილშიც მაღალია

„საქსტატის“ მიერ ეკონომიკური ზრდის დღეს გამოქვეყნებული მაჩვენებლები საპროგნოზოს მნიშვნელოვნად აღემატება. ეს არის იმ პოზიტიური ტენდენციების ლოგიკური შეჯამება, რაც ჩვენ პირველ კვარტალში მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარამენტების მიმართულებით გვქონდა" ,-ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ცოტნე ყავლაშვილმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას განაცხადა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, „საქსტატის“ მიხედვით, 2017 წლის მარტში მშპ-ს ზრდამ 5.3 პროცენტი, პირველი კვარტლში კი - 5 პროცენტი შეადგინა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ასეთ მნიშვნელოვან მიმართულებებად მნიშვნელოვნად გაზრდილი ექსპორტი, ტურიზმი და ტურიზმიდან შემოსავლები, ასევე, საგადასახადო შემოსავლები დაასახელა. მისი შეფასებით, 2017 წლის მარტისა და მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ამ დადებითი პარამეტრების ლოგიკური შეჯამებაა.

ამასთან, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ცოტნე ყავლაშვილმა განაცხადა, რომ ბიზნესაქტივობა 2017 წლის აპრილშიც მაღალია, რის საშუალებასაც აპრილში საგადასახადო შემოსავლების ზრდადი დინამიკა იძლევა.

„ჩვენ მიმდინარე თვეში ამ პარამეტრის 18 პროცენტიან ზრდას ველოდებით წინა წელთან მიმართებაში. ეს ყოველივე არის იმ ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, რაც მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაშია განსაზღვრული და 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კონკრეტულ მაჩვენებელში აისახა. მათ შორის, მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია მოგების გადასახადის რეფორმას, აგრეთვე ზრდაზე ორიენტირებულ ხარჯვით პოლიტიკას და მაღალ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში,” – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.