საქართველოს ესპანეთის მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივი დელეგაცია ეწვევა

ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ესპანეთის სამეფოს ტურიზმის, ენერგეტიკისა და მრეწველობის მინისტრი, ხოსე მანუელ სორია შეთანხმდნენ, რომ სპანეთიდან მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლების ერთობლივი ოფიციალური დელეგაცია ეწვევა საქართველოს.

„გვექნება ტურიზმის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები. ესპანეთს ამ სფეროში აქვს ძალიან დიდი გამოცდილება - მაგალითისთვის ვიტყვი, რომ გასულ წელს 60 მილიონი ტურისტი ეწვია ამ ქვეყანას, რაც ძალიან შთამბეჭდავი ციფრია. მათ აქვთ სპეციალური ინსტიტუტები იმგვარად მოწყობილი, რომ კერძო სექტორისა და სახელმწიფო სექტორის თანამშრომლობა იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენთვის ეს ძალიან საინტერესოა. ასევე აქვთ ძალიან მაღალგანვითარებული ტექნოლოგიები განახლებადი ენერგიების მიმართულებით, რომელსაც გაგვიზიარებენ და ვფიქრობ, ჩვენი მომავალი თანამშრომლობა ძალიან საინტერესო იქნება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მინისტრმა შეხვედრა სორიასთან ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში გამართა, სადაც ტურიზმისა და განახლებადი ენერგიების სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ასევე, ორი ქვეყნის მინისტრებმა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

"ჩვენ გვაქვს უზარმაზარი სივრცე, რათა გარკვეულ სფეროებში საქართველოსთან თანამშრომლობა და ურთიერთობები გავაღრმავოთ. საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ვმუშაობთ საქართველოში ოფიციალურ ვიზიტზე. ამაში ჩართულია ბევრი ესპანური კომპანიაც", - აღნიშნა ესპანეთის სამეფოს ტურიზმის, ენერგეტიკისა და მრეწველობის მინისტრმა ხოსე მანუელ სორიამ.

მადრიდში ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი ასევე შეხვდა ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ვაჭრობის სახელმწიფო მდივანს, საგარეო ვაჭრობისა და ინვესტიციების სააგენტოს ხელმძღვანელს და მსხვილი ესპანური კომპანიების წარმომადგენლებს.