კუს ტბის საბაგიროთი სარგებლობის ტარიფი უცვლელი რჩება, ხოლო რიყე-ნარიყალას საბაგირო გზით სარგებლობის ფასი 1 ლარიდან 2.5 ლარამდე იზრდება.
აღნიშნული ცვლილებების პროექტს დადებითი რეკომენდაცია დღევანდელ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომისიამ მისცა, სადაც შესაბამისი საკითხი განიხილეს.
საკრებულოს ინფორმაციით, თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ საკრებულოში თავდაპირველად შეტანილი ცვლილება ორივე საბაგიროთი მგზავრობის ტარიფის ლარიდან ორ ლარამდე ზრდას ითვალისწინებდა, თუმცა, იურიდიულ საკითხთა კომისიამ თავმჯდომარის, თევდორე კობახიძის ინიციატივით, წარმოდგენილი საკითხის შესაბამისი სამსახურის მიერ შემდგომი განხილვისა და ახალი პროექტის შემუშავების მიზნით დროებით გადადო.
როგორც კობახიძემ განმარტა, რიყე-ნარიყალას საბაგიროთი, ძირითადად, ტურისტები სარგებლობენ, რომლებისთვისაც მომატებული ტარიფიც მისაღები იქნება, ხოლო ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბის საბაგიროთი მოსარგებლე ადგილობრივი მოსახლეობისთვის ორ ლარამდე გაზრდილი ტარიფი მნიშვნელოვანი დარტყმა იქნებოდა.
შესაბამისად, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა იურიდიულ საკითხთა კომისიის დღევანდელ სხდომაზე ცვლილების ახალი პროექტი წარმოადგინა, რომელსაც კომისიის წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს.