მარტის თვეში, 5,3%-იანი ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ძალა იყო ექსპორტის ზრდა , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ „საქსტატის“ წინასწარ მონაცემებზე კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, მარტში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,3% შეადგინა.
როგორც გახარიამ განმარტა, ეკონომიკურად ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ბაზარზე სიტუაცია, ასე თუ ისე, დასტაბილურდა და მოთხოვნა გაიზარდა.
”ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მწარმოებლები უფრო მეტ საქონელს ყიდიან. რაც უფრო მეტ საქონელს ყიდიან, მეტი სამუშაო ადგილები იქნება და მეტი დასაქმებული გვეყოლება. ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის არც 5% არის ბევრი. სწორედ ამიტომ არის დაანონსებული 4-პუნქტიანი გეგმა, რომ ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო სწრაფი და მაღალი იყოს”, - განაცხადა გახარიამ.
რაც შეეხება კითხვას, თუ როგორ აისახება ეს ეკონომიკური ზრდა მოსახლეობაზე, გახარიამ აღნიშნა, რომ როდესაც საუბარია მოსახლეობაზე ასახვაზე, ”ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ამ თემას”.
”რა თქმა უნდა, ასეთი ასახვა შედეგების სახით იქნება, თუმცა ამას სჭირდება გარკვეული დრო. სამწუხაროდ, ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკაზე, ვსაუბრობთ საკმაოდ სერიოზული გამოწვევების წინაშე მყოფ ეკონომიკაზე და საკმაოდ რთულ რეგიონზე”, - აღნიშნა გახარიამ.