ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას განმარტებით, სტაციონარული საბაგირო მოწყობილობების დამონტაჟებისთვის საკუთრების ჩამორთმევის ინიციატივაში საუბარია იმ საბაგიროებზე, რომელიც უნდა მოემსახუროს სამთო კურორტებს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ ”აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ვარაუდის კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვით აღნიშნული ინიაციატივა „პანორამა თბილისის“ პროექტს უკავშირდება.
”არასამთავრობო ორგანიზაციებს და საია-ს შეუძლიათ ეს საკითხი პირადად ჩვენთან დააკავშირონ. ეს იყო პირადად ჩვენი ინიციატივა. თქვენ იცით, რომ სახელმწიფო კონცენტრირებულად ძალიან დიდ ინვესტიციებს ახორციელებს სამთო კურორტების განვითარებაში, სადაც ამ ინსტრუმენტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.
საუბარია უბრალოდ იმ საბაგიროებზე, რომელიც უნდა მოემსახუროს სამთო კურორტებს. საუბარია იმაზე, რომ ბიუჯეტში არის ათობით მილიონი ჩადებული წელს, მომავალ წელს იმისთვის, რომ სამთო კურორტები განვითარდეს მესტიაში, გუდაურში, გოდერძიზე, ბაკურიანში. ყველგან კეთდება ახალი თანამედროვე სამთო-საბაგიო ხაზები, ამისთვის არის ეს გაკეთებული”, - განაცხადა გახარიამ.
”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მიერ ორი დღის წინ გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ”აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" კანონპროექტის თანახმად, ყველა იმ საფუძველს, რა დროსაც საკუთრების ჩამორთმევა (ექსპროპრიაცია) ხორციელდება, ახალი პუნქტი ემატება. კერძოდ, საკუთრების ჩამორთმევა შესაძლებელი ხდება, თუ ეს სტაციონარული საბაგირო მოწყობილობების დამონტაჟებისთვის საჭირო სამუშაოებს უკავშირდება.
საია-ში ვარაუდობენ, რომ სტაციონარული საბაგირო მოწყობილობების დამონტაჟებისთვის საკუთრების ჩამორთმევის ინიციატივა, სავარაუდოდ, „პანორამა თბილისის“ პროექტს უკავშირდება.