საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში შექმნილი საკონსულტაციო საბჭოს ხდომა გაიმართა. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ნინო ჯავახაძე და გიორგი ჩერქეზიშვილი დაესწრნენ.
როგორც ეკონომიკის სამინისტროდან იუწყებიან, სხდომაზე განხილეს პრეზენტაცია, თემაზე ,,სსპ „აწარმოე საქართველოში“: ახალი ხედვები და პერსპექტივები“ და დისკუსია ,,კერძო სექტორის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები“. შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი იდეები და გეგმები გაუზიარეს, ასევე გაეცნენ კერძო სექტორის წარმომადგენელთა ხედვას და პოზიციებს.
,,მოგეხსენებათ მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, შექმნილი გვაქვს საკონსულტაციო საბჭო, რომელიც მთავრობის წარმომადგენლებისგან, კერძო სექტორისა და სხვადასხვა ასოციაციის წევრებისგან შედგება. დღეს იყო ამ საბჭოს მორიგი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ განვიხილეთ პროგრამა ,,აწარმოე საქართველოს“ შედეგები, ასევე განახლებული სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ სამომავლო გეგმები და ხედვები. დღეს ჩვენ მოვისმინეთ კერძო სექტორის წარმომადგენლების პოზიცია სხვადასხვა საკითხებზე. ზოგადად, მიგვაჩნია, რომ ეს საბჭო ძალიან კარგი პლატფორმაა კერძო და სახელმწიფო სექტორებს შორის მოსაზრებების და იდეების გასაცვლელად“, - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.