სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის ტარიფი 3 წლის განმავლობაში არ შეიცვლება

ახალი რეგულაციით „თბილისის მიკროავტობუსს“ ტარიფის გაზრდის უფლება ჩამოერთვა და ტარიფის რეგულირება თბილისის მერიის კომპეტენციაში გადმოვიდა , - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ განაცხადა.

სამუშიას თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, თბილისში ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური სამი წლის განმავლობაში არ გაიზრდება.

„2010 წელს დადებული ხელშეკრულების თანახმად, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსს“ შეეძლო ნებისმიერ დროს გაეძვირებინა მგზავრობის ტარიფი. ამისთვის საკმარისი იყო, რომ კომპანიას ტარიფის გაზრდის თაობაზე ინფორმაცია მერიისთვის წერილობით ერთი თვით ადრე მიეწოდებინა. შესაბამისად, „თბილისის მიკროავტობუსს“ ამ კუთხით ნებისმიერი ცვლილების განხორციელება დამოუკიდებლად შეეძლო. ახალი რეგულაციით კი, კომპანიას აღნიშნული უფლება ჩამოერთვა და ტარიფის რეგულირება მერიის კომპეტენციაში გადმოვიდა. „თბილისის მიკროავტობუსთან“ შესაბამისი შეთანხმება სამი წლის განმავლობაში იმოქმედებს და მის საფუძველზე მგზავრობის ტარიფს თბილისის მერია და საკრებულო განსაზღვრავს“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.