აგრარულ საკითხთა კომიტეტმა ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ერთხმად დაუჭირა მხარი.კანონპროექტი სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ წარადგინა და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც დღის წესრიგში კანონპროექტის მომზადების საკითხი დადგა.
კერესელიძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედ კანონმდებლობაში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის არაერთი ტერმინია განმარტებული, ასევე არაერთი ძირითადი პრინციპია ჩამოყალიბებული, ის ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს, არ არის ადაპტირებული საერთაშორისო ტერმინებზე, რაც ხშირ შემთხვევაში, ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების ექსპორტ-იმპორტისთვის ბარიერს ქმნის.
მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა ღვინის კლასიფიკაციის თავში - შემოდის ქვევრის ღვინის და ქარვისფერი ღვინის განმარტებები. ცვლილებები შედის ეტიკეტირების წესში. კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეჯერდა და კანონპროექტში აისახა ცვლილება, რომლის მიხედვით, ჩამოსასხმელი ღვინის გატანა ექსპორტზე აიკრძალება, რაც კიდევ უფრო მეტად ხარისხიანი ღვინის ექსპორტს შეუწყობს ხელს და ფალსიფიკაციის ბარიერი გახდება.
მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ასევე კერძო სექტორთან მოხდა შეთანხმება და, შესაბამისად, დეგუსტაცია კანონით ყველა საექსპორტო ღვინოზე გავრცელდება. დღემდე ეს მხოლოდ ადგილწარმოშობის ღვინოებისთვის იყო სავალდებულო.