მიმდინარე წლის ივნისიდან, ოზურგეთში ჩაის ახალი საწარმო დაიწყებს ფუნქციონირებას. საწარმოს კომპანია „საქართველოს თაიგული“ აშენებს.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიის დამფუძნებელმა, ილია ბასილაშვილმა განუცხადა, საწარმოში 27 სახეობის ჩაის წარმოება მოხდება და პროდუქცია ბაზარზე სავარაუდოდ, ივლისიდან გამოჩნდება.
„გამოვუშვებთ როგორც დასაყენებელ, ისე ერთჯერად ჩაის, თუმცა აღსანიშნავია, რომ ერთჯერადი ჩაი იქნება არა ფილტრის ქაღალდში, არამედ ნეილონის. ჯამში, ბაზარზე 27 სახეობის ჩაი გამოჩნდება. მათ შორის: შავი, თეთრი, მწვანე ჩაი, მთის ჩაი, მოცვის, მაყვლის, დეკას ჩაი და სხვა სახეობები. ამასთან, პირველად ვიწყებთ საქართველოში ულუნის ჩაის წარმოებას, რაც შავ და მწვანე ჩაის შორის შუალედური პროდუქტია. ეს ჩაი ძვირფას ჩაის სახეობად ითვლება და ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა,“-აცხადებს ბასილაშვილი.
როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ახალი ქართული ჩაი ბაზარზე „საქართველოს თაიგულის“ ბრენდით გამოჩნდება და სხვადასხვა დასახელება ექნება. მაგალითად, ჩაი „მონატრება“, ჩაი „გელოდი“ და ა.შ.
ბასილაშვილის თქმით, საწარმოში პირველ ეტაპზე წელიწადში 5-10 ტონა ჩაის წარმოება მოხდება, თუმცა, სამომავლოდ წარმადობის 30-40 ტონამდე გაზრდა იგეგმება.
საწარმოში, რომელიც ოზურგეთის სოფელ დვაბზუში მდებარეობს, წარმოებაში შესვლის შემდეგ 5-6 ადამიანი დასაქმდება.
როგორც ილია ბასილაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, პროდუქციის რეალიზაცია საქართველოში მოხდება, თუმცა მისი ექსპორტზე გატანაც იგეგმება. ამასთან, მისი თქმით, რუსეთში უკვე შეიქმნა მათი ბრენდის სპეციალური საიტი, რომელიც რუსეთში „საქართველოს თაიგულის“ ექსკლუზიური შემსყიდველი და გამავრცელებელი იქნება.
კომპანია „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის“ ბენეფიციარია.
პროექტის ფარგლებში ჯამურად 428 520 დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. აქედან 171 408 დოლარი გრანტია, ხოლო 150 ათასი დოლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი.
თაია არდოტელი