დავით უსუფაშვილი გამოდის ინიციატივით, რომ კანონპროექტებს ბიზნესასოციაციის არაფორმალური დასკვნაც დაერთოს

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოდის ინიციატივით, პარლამენტში ინიცირებული თითოეული კანონპროექტი ოპერატიულ რეჟიმში ბიზნესასოციაციამაც განიხილოს და პროექტებს არაფორმალური სახით მათი დასკვნაც დაერთოს.

ბიზნესმენებთან ურთიერთობების ასეთ რეჟიმზე გადასვლის შესახებ დავით უსუფაშვილმა დღეს, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მზად არის, საჭირო პროცედურები ხვალიდანვე დაიწყოს.

"გთავაზობთ, რომ ოპერატიულად, როგორც კი პარლამენტის წევრი მიიღებს დარეგისტრირებულ კანონპროექტს, თქვენც მიიღოთ და როგორც ჩვენ გვაქვს განხილვის ვადა, ამავე ვადაში იყოს მოწოდებული თქვენი პოზიცია", - მიმართა ბიზნესმენებს დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში, მხედველობაში აქვს არა მხოლოდ ეკონომიკური ტიპის კანონპროექტები, ასევე ყველა სხვა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც განსახილველად პარლამენტს წარედგინება.

გარდა ამისა, დავით უსუფაშვილი ბიზნესსექტორთან სპეციალური შეხვედრის გამართვას გეგმავს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასა და სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ბიზნესმენებთან შეხვედრის დასაწყისში მან აღნიშნა, რომ ამ თვალსაზრისით სერიოზული თანამშრომლობაა საჭირო.

"გვინდა ბიზნესმენებისათვის იყოს ახალი შესაძლებლობები, მაგრამ ეს რომ ასე მოხდეს, ამისთვის ყველანი უნდა ვიყოთ მზად, რათა ჩვენი წვლილი საწყის ეტაპზევე შევიტანოთ. ქვეყნისათვის სასიკეთო უნდა იყოს ჩვენი მცდელობა, რომელიც ეხება სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას, ახალი ბაზრების გაჩენას, მაგრამ ამასთანავე ახალ კონკურენტულ გარემოზე გადასვლას. ალბათ ყველანი ვთანხმდებით, რომ გრძელვადიან პერსპერქტივაში ქვეყნისათვის ეს ძალიან კარგია, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში რა გამოწვევებს გვიქადის და როგორ უნდა ვიყოთ მზად, ამაზე საჭიროა სერიოზული დიალოგი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ბიზნესმენებთან შეხვედრას დეპუტატები კობა ნაყოფია, ზურაბ ტყემალაძე, გელა სამხარაული და დავით ონოფრიშვილიც ესწრებიან.