რომელი სარეცხის მანქანაა ყველაზე კარგი და როგორ გავწმინდოთ მანქანა

ალბათ დამეთანხმებით, რომ ოჯახში დიასახლისებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნიკას სარეცხის მანქანა წარმოადგენს. ხარისხიანი მანქანის ყიდვისას ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი. აუცილებელია თქვენი სარეცხის მანქანა თქვენს ოჯახზე იყოს მორგებული, ამავე დროს იყოს ხარისხიანი და გამძლე. თუ გადაწყვიტეთ, რომ ახალი სარეცხის მანქანის შეძენა გსურთ ან გაინტერესებთ, როგორ მოუაროთ უკვე არსებულს, გამოცდილი ხელოსნის ბატონი ბეჟან ბუცხაშვილის რჩევები აუცილებლად დაგეხმარებათ საუკეთესო ხარისხის მანქანა შეიძინოთ.

- მეცამეტე წელია ტექნიკის მაღაზიის ერთ-ერთ სერვის-ცენტრში, სარეცხის მანქანებზე ვმუშაობ. პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი კარგი მანქანა შემოდის ბაზარზე. ძალიან კარგი, გამოცდილი მანქანებია "ბეკო", "სამსუნგი", "ელ-ჯი", მაგრამ როგორი კარგიც არ უნდა იყოს მანქანა, ხელის შეწყობა აუცილებლად სჭირდება. უმეტესად გადატვირთვის გამო, ბევრი სარეცხის შეყრის გამო გამოდის მანქანა მწყობრიდან - რა წონაც უწერია, იმაზე მეტი არ უნდა გაარეცხინოთ და აუცილებლად კარგად შეისწავლოთ ინსტრუქცია, სანამ მანქანას აქტიურად გამოიყენებთ. რა თქმა უნდა, ყველა ნაწილი იცვლება, შესაძლებელია შეკეთება, მაგრამ ეს ყველაფერი ხარჯებთანაა დაკავშირებული.

- რა განსხვავებაა ძვირიან და იაფფასიან მანქანებს შორის?

- პირველ რიგში განსხვავებაა ხარისხში. მანქანები არის ჩინური, თურქული, რუსული და ა.შ. თავიდან "ინდეზიტი" და "არისტონი" შემოდიოდა იტალიურები, ახლა შემოდის რუმინეთიდან. სულ ახლახან შემოვიდა "ელ-ჯის" და "სამსუნგის" მანქანები, რომლებსაც ჩამონტაჟებული აქვთ საშრობი - როცა რეცხვის პროგრამას დაასრულებს მანქანა, ჩაურთავ გაშრობის პროგრამას და სრულად აშრობს სარეცხს. ანუ სარეცხის გაფენა და გაშრობა აღარ უნდა, პირდაპირ მანქანაში შრება. ხარისხიანი მანქანები არის გაუმჯობესებული ძრავებით და ამ დროს ქარხანა იძლევა ათწლიან გარანტიას და არის ძალიან ხარისხიანი მანქანები.

- ყველაზე ხშირად რა აფუჭებს მანქანას? რა უნდა გაითვალისწინოს დიასახლისმა, რომ მანქანა მალე არ გაფუჭდეს?

- პირველი და მნიშვნელოვანი რაც არის გასათვალისწინებელი, მანქანა არ უნდა დავამონტაჟოთ ნესტიან ადგილას, მაგალითად, აბაზანაში. ორთქლს წყობიდან გამოჰყავს მანქანა, იჟანგება კორპუსი და ა.შ. სასურველია დააყენოთ მშრალ ადგილას. ყველანაირ ტექნიკას უნდა ხელის შეწყობა. აუცილებლად უნდა დავიცვათ წონა. ინსტრუქციაში რაც არის მითითებული, იმ წონაზე მეტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევყაროთ. ასევე სახლში გაყვანილობა უნდა იყოს ნორმალური, არ უნდა იყოს სუსტი მავთულებით, რომელიც ადვილად იწვება, ვერ უძლებს ძაბვას, არ უვარგა კონტაქტები და ა.შ. თუ მოკლე ჩართვები ხდება ქსელში, ეს ძალიან მოქმედებს მანქანაზე.

- რა ინტერვალით უნდა გავწმინდოთ მანქანა და თუ არსებობს სპეციალური ხსნარები, მის გასაწმენდად?

- მანქანაში ყოველთვის გროვდება ნარჩენები, ძაფები, ბუსუსები, ხურდა ფული და სხვა. სამ თვეში ერთხელ აუცილებლად უნდა შეამოწმოთ და გამოასუფთაოთ მანქანა. არის სპეციალური ხსნარებიც, მაგრამ ძირითადად "კალგონს" ხმარობენ. "კალგონზე" უფრო ეფექტური და იაფია ლიმონმჟავა, რომელსაც ვიყენებთ საკვებად. რეკომენდაციას ვუწევ, რომ ექვს თვეში ერთხელ ამ მეთოდით გამორეცხონ მანქანა: ორი-სამი შეფუთვა ლიმონმჟავა ჩაყარეთ ცარიელ მანქანაში, მანქანა ჩართეთ თეთრეულის ან სინთეტიკის პროგრამაზე - 60 გრადუსზე, აცადეთ, მანქანამ დაასრულოს პროგრამა. თუ რამე ჭუჭყი და ნადებია დაგროვილი მანქანაში, სულ გამოასუფთავებს. განაგრძეთ კითხვა