ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენლებს დღეს, სასტუმრო „ტიფლის პალასში“ შეხვდა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან იუწყებიან, მინისტრმა თურქ ბიზნესმენებს ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ მდგომარეობაზე და საექსპორტო შესაძლებლობებზე ესაუბრა.
გიორგი გახარიამ ასოციაციის წევრებს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი სტრუქტურა გააცნო. მინისტრმა დეტალურად ისაუბრა „აწარმოე საქართვლოში“ – ბიზნესზე, ექსპორტსა და ინვესტიციებზე. გიორგი გახარიამ, თურქ ბიზნესმენებს 2017 წლის მარტში ეკონომიკური ზრდის 5,3 პროცენტიანი წინასწარი მაჩვენებელი, ტურიზმის სექტორში მიმდინარე ტენდენციები და ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. მინისტრმა ასევე ისაუბრა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებზე. გახარიამ ბიზნესმენების შეკითხვებს უპასუხა.
„ჩვენ ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო შეხვედრა გვქონდა, ჩვენთვის თურქეთი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორი, თურქული ინვესტიციები საქართველოში დიდი ხანია ხორციელდება და იგი არის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა ინვესტიციების მიმართულებით. ვფიქრობ, ეს ურთიერთობა ბიზნესმენებთან, რომლებიც საქართველოში მოღვაწეობენ, კიდევ უფრო გამყარდება და გაძლიერდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრებთან გამართულ მორიგ შეხვედრას თურქეთის ელჩი საქართველოში ლევენთ გუმრუქჩუ და მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩერქეზიშვილი და გენადი არველაძე ესწრებოდნენ.