1-ელი მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა და პროგრამის ბენეფიციარებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები დაუფინანსდებათ.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებების შედეგად, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000 -მდეა, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაუფინანსდებათ.
რაც შეეხება საყოველთაო პროგრამის ჯგუფებსა და დაფინანსების პირობებს, ის შემდეგნაირად განისაზღვრა:
საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს, არჩევანის საშუალება მიეცემათ, ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული სერვისებით ან კერძო სადაზღვევო პაკეტით.
გარდა ამისა, ამ კატეგორიაში შემავალი მოქალაქეებისთვის პროგრამის ფარგლებში, კერძო დაზღვევის პაკეტის ქონის მიუხედავად, შეუნარჩუნდებათ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, კერძოდ, ქიმიო და ჰორმონოთერაპია. ასევე, მშობიარობა/საკეისრო კვეთის მომსახურება.
დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე ნაკლებია, ასევე თვითდასაქმებულ, არარეგულარული შემოსავლის მქონე პირებს კერძო დაზღვევის ქონის მიუხედავად, შეუნარჩუნდებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის უფლება, თუმცა, მცირედ შეზღუდული პაკეტით. ასევე, მათ მიეცემათ გარდამავალი ეტაპის პრივილეგია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ამ კატეგორიაში შემავალი მოქალაქე შეიძენს კერძო სადაზღვევო პაკეტს, პროგრამის ფარგლებში ურგენტული სერვისები მიეწოდებათ უცვლელად. ასევე, ხელმისაწვდომი რჩება ონკოლოგიური დაავადებების მართვა (ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია) და მშობიარობა/საკეისრო კვეთის მომსახურება.
სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000-მდეა, და 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისების მოცულობა უცვლელად შეუნარჩუნდებათ. ამასთან, მათ არ ეზღუდებათ კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება.
მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარს აღემატება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისების მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალური (და არა ოჯახის) შემოსავლის მიხედვით.
პროგრამის ფარგლებში მშობიარობა ყველა ჯგუფს დაუფინანსდება. ასევე, ყველა ჯგუფი დარჩება ჯანდაცვის სახელმწიფო სხვა პროგრამების (მაგ: C ჰეპატიტის, ტუბერკულოზის, დიაბეტის მართვისა და ა.შ) მოსარგებლეებად.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ცვლილების მიზანია სოციალური სამართლიანობის შექმნა. გარდა ამისა, სადაზღვევო ინდუსტრიას ექნება ყველა ბერკეტი, რომ აქტიური მარკეტინგით შეძლონ მომხმარებლების მიზიდვა.