გიორგი კვირიკაშვილი: ეკონომიკაში თამაშის თანაბარი პირობები უფრო ამართლებს ხოლმე, ვიდრე ცალკეული შეღავათები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ "მრეწველების" მიერ მომზადებულ კანონპროექტში კორექტივები შევიდეს.

კანონპროექტი იპორტიორებისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათების გაუქმებას გულისხმობს.

"საერთოდ, შეღავათების სისტემა, როგორც წესი, არ ამართლებს ხოლმე, მაგრამ ეს კანონპროექტი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია და ამ პროცესში, შესაძლოა, რაღაც ცვლილებები შევიდეს. მთლიანობაში ეკონომიკაში თამაშის თანაბარი პირობები უფრო ამართლებს ხოლმე, ვიდრე ცალკეული შეღავათების დაწესება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ამასთან, მინისტრმა კომენტარი გააკეთა "ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ ეს კანონი ყველა მოთამაშისთვის თამაშის თანაბარ პირობებს დააწესებს.

"კანონპროექტი ეკონომიკურმა საბჭომ უკვე განიხილა და პარლამენტში გადაგზავნილია. ვფიქრობთ, ესაა სწორედ ის, რაც ხელს შეუწყობს საშუალო და წვრილ ბიზნესებს, ვინაიდან ეს კანონპროექტი დაამყარებს თამაშის თანაბარ პირობებს ყველა მოთამაშისთვის", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.