ინტერნეტბაზარზე არსებული სიტუაცია რომ საკმაოდ მძიმეა, ეს არაერთხელ გამხდარა განხილვის და მსჯელობის საგანი.
ფაქტობრივად, ბაზარზე დუოპოლიური მდგომარეობაა და "სილქნეტი" და "კავკასუს ონლაინი" ბოლო რამდენიმე წელია შეთანხმებულად ზრდიან და ამცირებენ ტარიფებს. თავის მხრივ, ტარიფები დაახლოებით, 3 წელიწადზე მეტია არ შემცირებულა და პირიქით, 2015 წელს, პროვაიდერებმა ერთმანეთის მიყოლებით გაზარდეს კიდეც, რაც მაშინ ეროვნული ვალუტის გაუფასურებით აიხსნა.
არადა, ტარიფები, რომ საკმაოდ მაღალია, ამას ისიც ცხადყოფს, რომ როდესაც საუბარი დაიწყო კომპანია "კავკასუს ონლაინის" საცალო ქსელის გაყიდვაზე, მის ერთ-ერთ მთავარ მყიდველად "ბილაინი" მოიაზრებოდა, რომლის მესვეურებიც აცხადებდნენ, რომ ბაზარზე შესვლის შემთხვევაში ტარიფებს აუცილებლად შეამცირებდნენ, ვინაიდან ამის შესაძლებლობა ნამდვილად არსებობდა. კომპანიაში ამბობდნენ, რომ იგივე პოლიტიკას გაატარებდნენ, რაც ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე შესვლის შემთხვევაში მოხდა. თუმცა, როცა ყველა მოვლენების მსგავს განვითარებას ელოდა და მხოლოდ მარეგულირებლის საბოლოო გადაწყვეტილებაზე იყო ყველაფერი დამოკიდებული, არენაზე კვლავ გამოჩნდა "მაგთიკომი", რომელმაც "კავკასუს ონლაინი" იმდენად მოულოდნელად და სწრაფად იყიდა, რომ საზოგადოებაც და კომპანია "ბილიანის" წარმომადგენლებიც კი გაოგნებულნი დარჩნენ.
"მაგთიკომის" სატარიფო პოლიტიკა და ბაზარზე მუდმივად მაღალი ტარიფებით ოპერირება, ყოველთვის კარგად ცნობილი ფაქტია. ჯერ კიდევ როდესაც "ჯეოსელთან" ერთად ოპერირებდა მობილური კავშირგაბმულობის ბაზარზე, წლების განმავლობაში, ფასები უცვლელი იყო და ბაზარზე დუოპოლიური მდგომარეობის ნამდვილად კარგ მაგალითს წარმოადგენდა. იგივე მდგომარეობაა ახლაც და, სავარაუდოდ, სიტუაცია ბაზარზე კიდევ დიდხანს არ შეიცვლება. ძნელად სავარაუდოა, რომ "მაგთიკომმა", რომელიც "კავკასუს ონლაინის" შეძენის შემდეგ ფაქტობრივად სატელეკომუნიკაციო ბაზრის მონოპოლისტი კომპანია გახდა, მაღალი შემოსავლების მიღების შესაძლებლობის შანსი ხელიდან გაუშვას და ტარიფების შემცირებაზე დაფიქრდეს. მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ იმ ფაქტსაც, რომ "კავკასუსის" შეძენიდან მალევე "მაგთიკომმა" ტარიფები გაზარდა და მობილურზე საუბრის ღირებულება ზედა, მაქსიმალური ტარიფის ტოლფასი - 24 თეთრი გახდა. არც "სილქნეტისგანაა" მოსალოდნელი, რომ ტარიფების შემცირების კუთხით რაიმე ნაბიჯი გადადგას. ვინაიდან, ბაზარზე გამოჩენისთანავე მუდამ "კავკასუს ონლაინის" აჩრდილივით მოქმედებდა და არასდროს უცდია მისთვის რეალური კონკურენციის გაწევა. შესაბამისად, უკვე რამდენიმე წელია სახეზე გვაქვს დუოპოლიური მდგომარეობა ინტერნეტბაზარზე.
სწორედ ამ დუოპოლიური მდგომარეობის "დამსახურებაა", რომ კომპანიების შემოსავლები ყოველწლიურად მილიონობით ლარით იზრდება, ხოლო ტარიფები მუდმივად უცვლელი რჩება. 2016 წელს ინტერნეტპროვაიდერების შემოსავლებმა 196 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 8 მილიონით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ ამჟამად ბაზარზე 172 პროვაიდერი ოპერირებს, თუმცა რეალური შემოსავლები მხოლოდ ორ კომპანიაზე "სილნქეტსა" და "კავკასუს ონლაინზე" მოდის, რომლებიც ბაზრის დაახლოებით 80% აკონტროლებენ.
ინტერნეტ პროვაიდერების შემოსავლები 2010-2016
2016 წელი _ 196 068 701 ლარი
2015 წელი _ 188 142 405 ლარი
2014 წელი _ 160 001 990 ლარი
2013 წელი _ 134 095 708 ლარი
2012 წელი _ 114 950 786 ლარი
2011 წელი _ 99 380 188 ლარი
2010 წელი - 75 489 725 ლარი
როგორც ვხედავთ, კომპანიების მოგება საკმაოდ მასშტაბურია, ხოლო მათი მადა კიდევ უფრო დიდი. ცხრილში მოყვანილია პროვაიდერების მხოლოდ შემოსავლები, არ არის ასახული ხარჯები და საბოლოო მოგება, ეს იმიტომ, რომ კომპანიებს მისი გამოქვეყნების ვალდებულება არ გააჩნიათ და, შესაბამისად, არც აქვეყნებენ, თორემ კიდევ უფრო კარგად გამოჩნდებოდა თუ რამდენად დიდ მოგებაზეა საუბარი.
ინტერნეტპროვაიდერების შემოსავლების ძირითად ნაწილს შეადგენს ფიზიკური პირებისგან შემოსავალი, რომელმაც 2016 წელს 147 მილიონი ლარი შეადგინა, რაც შეეხება იურიდიულ პირებს, მათგან მიღებული შემოსავალი 48 მილიონ ლარს შეადგენდა.
როგორც ცნობილია, "სილქნეტი" და "კავკასუს ონლაინი" საბითუმო ინტერნეტს ჩვენს მეზობელ სომხეთში და აზერბაიჯანში ყიდიან.
სომხეთი ინტერნეტს საქართველოსგან ყიდულობს, თუმცა ორივე ქვეყანაში ტარიფები თანაბარია
კონკრეტულად რა ფასად ყიდიან ქართული ინტერნეტპროვაიდერები საბითუმო ინტერნეტს სომხეთსა და აზერბაიჯანში, ეს ინფორმაცია არ არის გასაჯაროებული. ამ ფაქტში არაფერი იქნებოდა გასაკვირი, რომ არა ერთი საინტერესო გარემოება. თუკი ვნახავთ სომხეთში საცალო ქსელში გასაყიდ ინტერნეტ მომსახურებაზე ტარიფებს, დავინახავთ, რომ იგი, დაახლოებით, საქართველოში არსებული ტარიფების მსგავსია.
ფაქტი რომ აბსურდულია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, გაუგებარია, როგორ შეიძლება საცალო ქსელში გაყიდული ინტერნეტის ფასი თანაბარი იყოს საქართველოსა და სომხეთში, როცა სომხეთი ინტერნეტს ჩვენგან ყიდულობს. როგორც ჩანს, ქართველი ინტერნეტპროვაიდერები, "სილქნეტი" და "კავკასუს ონლაინი" საცალო ქსელში იმდენად გაბერილი ტარიფებით ოპერირებენ, რომ მათ მიერ დაწესებული ტარიფი სომხური ინტერნეტპროვაიდერების ტარიფების ტოლია. იმ სომხური პროვაიდერების, რომლებსაც საბითუმო ინტერნეტი სწორედ ქართული კომპანიებისგან აქვთ ნაყიდი.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ ფაქტს სათანადო ყურადღება მიაქციოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ და შესაბამისი რეაგირებაც მოახდინოს, ვინაიდან ეს საკითხი პირდაპირ ეხება მარეგულირებელს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ კომპანიების ინტერესზე ფიქრობს და მომხმარებლის ინტერესს არასდროს ითვალისწინებს. "სილქნეტი" და "კავკასუს ონლაინი" იმდენად სასათბურე პირობებში არიან, რომ მხოლოდ მაქსიმალური მოგების მიღებაზე და ბაზრიდან მათზე გაცილებით მცირე კონკურენტების გაქრობაზე ან შემოერთებაზე ფიქრობენ. გაუგებარია, როდემდე უნდა გაგრძელდეს მსგავსი ვითარება ინტერნეტბაზარზე და დაინტერესდება თუ არა ოდესმე კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ინტერნეტპროვაიდერების თავაშვებული ქმედებით.
ცვლილებები მარეგულირებელ კომისიაში
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ზაზა აბაშიძეს სავარაუდოდ კახა ბექაური ჩაანაცვლებს. ვინაიდან, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, მხოლოდ ერთი კანდიდატი კახა ბექაური დარეგისტრირდა. როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიის წევრებმა ერთობლივად კომისიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, კახა ბექაურის კანდიდატურა წარადგინეს. არჩევნები 2017 წლის 2 მაისს, 17:00 საათზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გაიმართება.
კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში რომ ცვლილებები აუცილებელია, ამას ბოლო წლებში სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული სიტუაციაც ცხადყოფს. დუოპოლიური მდგომარეობა ინტერნეტბაზარზე, მუდმივად მაღალი ტარიფები როგორც ინტერნეტ, ასევე ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე, "მაგთიკომის" მიერ ბაზრის ფაქტობრივი მონოპოლიზება და მსგავსი მრავალი პრობლემის შედეგად დაზარალებული მომხმარებელი. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის ყოველთვიური ანაზღაურება იმდენად მაღალია, რომ 2015 წელს მიღებული იქნა კანონი, რომლის მიხედვითაც, ხელფასის ზედა ზღვრად 16 640 ლარი დაწესდა.
რამდენად შეძლებს კახა ბექაური განსხვავებული პოლიტიკის გატარებას და არამხოლოდ კომპანიების, არამედ მოსახლეობის ინტერესების დაცვას, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა გარკვეული პლუსები მის კანდიდატურას ნამდვილად გააჩნია. 2015 წელს, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრობის დროს სწორედ კახა ბექაურმა განაცხადა ღიად, რომ ინტერნეტბაზარზე მონოპოლიის ნიშნები ნამდვილად არსებობდა.
კახა ბექაური: ინტერნეტ ბაზარზე მონოპოლია
როგორც ზევით აღვნიშნეთ, კომისიაში ცვლილებები იგეგმება. მარეგულირებელი კომისიის მომავალ თავმჯომარეს საკუთარი ხედვები აქვს ინტერნეტბაზრის განვითარებასა და აღნიშნულ სეგმენტში არაჯანსაღი გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
ბექაური მიიჩნევს, რომ ყველა ქალაქში, სოფლებში და ქალაქის ყველა უბანში კომპანიებისთვის თანაბარი ვითარება უნდა იყოს. შესაბამისად აღნიშნული მიმართულების გამოსასწორებლად რიგი ღონისძიებები არის დაგეგმილი. "შეგიძლიათ თბილისის ზოგიერთ უბანში ნახოთ და ძალიან ბევრი ასეთი უბანი, რომ ერთ უბანში არის მხოლოდ "სილქნეტი" და არ არის სხვა პროვაიდერი. მეორე უბანში არის "კავკასუსი" და არ არის სხვა პროვაიდერი. კი ვამბობთ, რომ ბაზარზე არის რამდენიმე კომპანია, მაგრამ, ხშირად ვხედავთ მონოპოლიას. ასე აღარ იქნება ყველა ინტერნეტპროვაიდერი დაიშვება და ნებისმიერ მომხმარებელს, თბილისსა თუ სოფელში, რამდენიმე ალტერნატივა ექნება. ძალიან მარტივად: თუ მისთვის ფასი და ხარისხი შეუსაბამო იქნება, არჩევანს სახლიდან გაუსვლელად გააკეთებს და გადაერთვება სხვა პროვაიდერზე", - აცხადებს კახა ბექაური.
რაც ძალიან საგულისხმო ფაქტია, ვინაიდან, არც მანამდე და არც მას შემდეგ, არათუ მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს, არამედ არცერთ წევრს, ასე ღიად არ უთქვამს, რომ ინტერნეტბაზარზე ნამდვილად არსებობდა მონოპოლია.
მოკლედ, მარეგულირებელ კომისიაში ცვლილებები იწყება. ცვლილებები კი ნამდვილად საჭირო და აუცილებელი იყო. რამდენად დადებითად აისახება აღნიშნული ცვლილებები მომხმარებელზე, ამას უკვე რო აჩვენებს. შეძლებს თუ არა ახალი ხელმძღვანელი, როგორც ინტერნეტპროვაიდერების, ასევე მობილური ოპერატორების მადის დაოკებას და მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებას, ამასაც უახლოეს პერიოდში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს.
გიორგი კაპანაძე
გაზეთი "ბანკები და ფინანსები"