„სადიას“ ფირმის პროდუქტებში, კერძოდ, ქათმის ნაგეთსების, გაყინული ქათმისა და კუჭის შემოწმებისას დარღვევები არ გამოვლინდა. ამის შესახებ, ინფორმაციას momxmarebeli.ge ავრცელებს.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის მარტში, ბრაზილიაში ქვეყნის ხელისუფლებამ ვადაგასული ხორცით ვაჭრობის მასშტაბური სქემა გაშიფრა, რის შემდეგაც 30-ზე მეტი მაღალჩინოსანი თანამდებობიდან გადააყენეს და ხორცის გადამამუშავებელი რამდენიმე საწარმო დახურეს. პოლიციამ ეჭვმიტანილები დააკავა. დარღვევები ხორცის მწარმოებელ ორ უმსხვილეს კომპანიაში აღმოაჩინეს. აქედან ერთ-ერთია BRF, რომლის ნაწარმი, "სადიას" დასახელებით გამოშვებული ქათმის პროდუქტები საქართველოს ბაზარზეც იყიდება.
momxmarebeli.ge-ს ინფორმაციით, სწორედ ამ ბრაზილიური ხორცის სკანდალის შემდეგ გადაწყვიტეს „სადიას“ ფირმის ქათმის რამდენიმე პროდუქტის შემოწმება.
„ორ მაღაზიაში შევიძინეთ "სადიას" დასახელების სამი პროდუქტი: გაყინული ქათამი, ქათმის ნაგეთსები და გაყინული ქათმის კუჭი. სამივე პროდუქტი ანალიზისათვის ლაბორატორიას ჩაბარდა. პროდუქტი შემოწმდა იმ პარამეტრებზე, რომლებთან დაკავშირებითაც ბრაზილიაში გამოვლინდა დარღვევები - სალმონელა და სიძველე. ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით სადიას ფირმის პროდუქტებში შემოწმებული პარამეტრები ნორმის ფარგლებში აღმოჩნდა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
რაც შეეხება ბრაზილიიდან საქართველოში ხორცის იმპორტის სტატისტიკას, „საქსტატის“ ინფორმაციით, მარტო 2016 წელს ბრაზილიიდან ჩვენს ქვეყანაში 4,448 მილიონი დოლარის ღირებულების 4,623 ათასი ტონა ხორცი შემოვიდა.