იუსტიციის სამინისტრომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მილიონ ლარზე მეტი მიიღო

იუსტიციის სამინისტროს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 091 500 ლარი გამოეყო.

პრემიერ-მინისტრის დადგენილების თანახმად, იუსტიციის სამინისტროს აღნიშნული თანხა სახელმწიფოს საერთაშორისო საარბიტრაჟო დავების წარმოების მიზნით იურიდიული მომსახურების შესყიდვისთვის და საქართველოს კანონმდებლობით მასთან დაკავშირებული გადასახადების დასაფინანსებლად გამოეყო.

კონკრეტულად, რომელ საარბიტრაჟო დავებზეა საუბარი, იუსტიციის სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რადგან მათი თქმით, ”ეს არასდროს არ არის ღია ინფორმაცია”.

”საარბიტრაჟო დავებს სახელმწიფო წლების განმავლობაში აწარმოებს. ეს არის პროცესი. ამ შემთხვევაში, ყველა ადრინდელი დავაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ვალდებულებები არ აქვს. სწორედ ამ ვალდებულებების შესასრულებლად გამოიყო აღნიშნული თანხა”, - განაცხადა იუსტიციის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარიამ სხილაძემ.