იციკ მოშე: საქართველოს მთავრობამ უცხოელ ინვესტორებს წასახალისებლად შეღავათები უნდა დაუწესოს

საქართველოში ტურიზმის სექტორს მილიარდი დოლარის ინვესტირების პერსპექტივა აქვს, - ამის შესახებ საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატის თავმჯდომარემ, იციკ მოშემ სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” ორი ქვეყნის ბიზნეს-ფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკური კრიზისის შემდეგ ტურიზმი საქართველოში მნიშვნელოვნად ვითარდება - ქვეყანას გასულ წელს 5 მილიონი ვიზიტორი ეწვია. შესაბამისად, უახლოეს მომავალში დღის წესრიგში შესაბამისი ინფრასტრუქტურის ნაკლებობის პრობლემა დადგება.

”მომავალ წლებში საქართველოში დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება, მათ შორის, ახალგაზრდული ოლიმპიადა. იმ სასტუმროების გათვალისწინებითაც კი, რომელთა მშენებლობა მომდევნო ორი წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს, ჩვენი გამოთვლებით, ქვეყანაში 10 ათასი საწოლის დეფიციტია მოსალოდნელი”, - განაცხადა იციკ მოშემ.

მან იმედი გამოთქვა, რომ ებრაელი ბიზნესმენები აღნიშნულ სექტორში ინვესტირებისადმი დიდ ინტერესს გამოთქვამენ. ”იმედი მაქვს, ამ დეფიციტს სანახევაროდ ჩვენ შევავსებთ”, - დასძინა იციკ მოშემ.

თუმცა, როგორც მოგვიანებით ბიზნეს-პალატის თავმჯდომარემ bpn.ge -ს განუცხადა, უცხოელი ინვესტორების წასახალისებლად, საჭიროა, საქართველოს მთავრობამ გარკვეული შეღავათიანი პირობები შექმნას.

”ისრაელში თუ კომპანია აპირებს სასტუმრო ააშენოს, თანხის 20%-დან 50%-მდე სახელმწიფო მას გრანტის სახით აძლევს. ამ ღონისძიებამ საოცრად დიდი შედეგი გამოიღო: დღეს ტურიზმი ისრაელში ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი სექტორია. ქვეყანა სულ რამდენიმე ათეულ წელიწადში განვითარებადი ქვეყნიდან განვითარებულად გადაიქცა. საქართველოს ამის ფუფუნება არ აქვს, მაგრამ თუ მთავრობა გრანტს გარანტიად შეცვლის, ანუ ბანკებთან ურთიერთობაში ინვესტორს თავდებში ჩაუდგება, ინვესტორების რაოდენობა გახუთმაგდება”, - განაცხადა იციკ მოშემ.

მისი თქმით, შესაძლებელია, უცხოელმა ბიზნესმენმა სახელმწიფო გარანტია არც კი გამოიყენოს, სამაგიეროდ, მისთვის ”ფსიქოლოგიურ დონეზე” სიგნალი იქნება, რომ შეუძლია ფული ნაკლებად რისკიანად დააბანდოს.

”მსოფლიოში არსად 100%-ით საკუთარ თანხას სასტუმროებში არავინ დებს. ბიზნესმენის პირადი სახსრები მხოლოდ ნახევარს შეადგენს, დანარჩენი - მოზიდული ფინანსური რესურსებია. როცა რუმინეთში, ისრაელში, ბულგარეთსა და თურქეთში სერიოზული წახალისებაა სახელმწიფო დონეზე, ძალიან რთულია, საქართველომ ინვესტორების მოზიდვის კუთხით ასეთ კონკურენციას გაუძლოს. ჩვენ ვმუშაობთ წინადადებების პაკეტზე, რომელსაც უახლოეს ხანში საქართველოს მთავრობის კანცელარიას წარვუდგენთ”, - აღნიშნა საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატის თავმჯდომარემ.

ბიზნეს ფორუმი, რომლის სლოგანია „მოიძიე შენი პარტნიორი“, ისრაელის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიებას რამდენიმე ათეული ებრაელი ბიზნესმენი და ადგილობრივი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.