დოლარის ამჟამინდელი ისტორიული გამყარება ნეგატიურ გავლენას ახდენს განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ყველა ქვეყნისთვის, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ამისთვის , - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა Bloomberg-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
კობა გვენეტაძის თქმით, ვალუტის მცურავი გაცვლითი კურსი თავდაცვის მთავარი საშუალებაა საქართველოსთვის.
გამოცემის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მერყეობა განვითარებად ბაზრებზე ახლოსაა 2015 წლის შემდგომ ყველაზე დაბალ მაჩვენებელთან, განვითარებადი ქვეყნები ემზადებიან კაპიტალის გადინებისთვის. ამავდროულად აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა განაგრძობს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას მაშინ, როდესაც სხვა ძირითადი ცენტრალური ბანკები უცვლელად ინარჩუნებენ ან ამცირებენ საპროცენტო განაკვეთს, ეს დაცილება კი კიდევ უფრო მეტად აძლიერებს დოლარს, სირთულეებს ქმნის არაამერიკელი ემიტენტებისთვის, რომლებიც დოლარში დენომინირებულ სესხებს ყიდიან. მიუხედავად იმისა, რომ დოლარი დეკემბერში ევროს მიმართ 14-წლიანი პიკის მიღწევის შემდეგ, 4%-ით გაუფასურდა, ბლუმბერგის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების აზრით, მეორე კვარტლის ბოლოსკენ დოლარი 2.5 პროცენტით გამყარდება ევროპის საერთო ვალუტის მიმართ.
საქართველოსთვის, რომლის 14 მილიარდიანი ეკონომიკა უკვე დაზარალდა რუსეთისა და თურქეთის სავალუტო შოკების შედეგად, Bloomberg-ის შეფასებით, გამყარებული დოლარის მართვის ამოცანა იმითაც რთულდება, რომ ხელისუფლება ცდილობს წაახალისოს მეანაბრეები, დანაზოგები ლარით დენომინირებული დეპოზიტებში განათავსონ.
„სხვა ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, რომ ტრანზაქციებში დოლარის ფართო გამოყენების შემცირება არის გრძელვადიანი პროექტი. მაღალი დოლარიზაცია კვლავ პრობლემად რჩება და მისი შემცირება არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საქართველოს ეკონომიკისა და საფინანსო სისტემისთვის“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, ქართული ვალუტა რჩება თავის ფუნდამენტურ ნიშნულთან ახლოს და თავისუფალი მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი კვლავაც შენარჩუნდება. გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ვალუტის მოქნილობა არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც დაეხმარება საქართველოს, მზად იყოს დოლარის გამყარებისთვის.
“თუკი ეკონომიკურ აგენტებს ეცოდინებათ, რომ გაცვლითი კურსი მცურავია, ისინი შეისწავლიან და გააანალიზებენ ყველა ინფორმაციას, რაც აისახება კიდეც მათ გეგმებსა და პროექტებში. ეს დაგვეხმარება გადავდგათ ნაბიჯი წინ, ერთი წერტილიდან მეორესკენ, ვალუტის გაუფასურებისა თუ გამყარების პირობებში“, - განაცხადა გვენეტაძემ.