მთელი წლის მანძილზე საწვავის ფასები ინფლაციის შემცირების მიმართულებით მოქმედებდა , - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს ეროვნული ბანკის 2016 წლის ანგარიშშია აღნიშნული. ბანკის ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2016 წელს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები წინა წელთან შედარებით ძირითადად შემცირებული იყო. ამავე მონაცემების თანახმად, ივლისიდან ამ ფაქტორმა ამოწურვა დაიწყო, ხოლო დეკემბერში, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირების გამო, საწვავის ფასები გაიზარდა და წლიურ ინფლაციაში მისმა წვლილმა 0.3 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის ვარდნას მძიმე გავლენა ჰქონდა აზერბაიჯანის ეკონომიკაზე, რომლის მშპ, უკანასკნელი შეფასებებით, 2016 წელს მოსალოდნელზე მეტად, 3.5 პროცენტით შემცირდა. უარყოფითი შოკის შერბილებას მთავრობა მასიური ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების წამოწყებით და არა-სანავთობო სექტორების წახალისებით ცდილობდა. ამასთან, გასული წლის მეორე ნახევარში, ნავთობის ბაზარზე ვითარების სტაბილიზაციის კვალდაკვალ, მაკროეკონომიკური ინდიკატორების გაჯანსაღების ნიშნები გამოიკვეთა. მანათის გაუფასურებით გამოწვეული წნეხის ფონზე, სამომხმარებლო ფასების ინფლაციამ წლიურად 12.5 პროცენტი შეადგინა.
საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების დინამიკის ცვლილების კუთხით მნიშვნელოვანი იყო გასული წლის ნოემბერში ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) მიერ მიღებული გადაწყვეტილება წევრ ქვეყნებში ნავთობის წარმოების შეზღუდვის შესახებ, რასაც ზოგიერთი არაწევრი ქვეყანაც შეუერთდა. თუმცა, აშშ-ში ფიქლის ნავთობის მზარდი წარმოების პირობებში საერთაშორისო ფასების ზრდა მოკრძალებული აღმოჩნდა, რასაც თან ერთვოდა არცთუ ძლიერი მოთხოვნა მსოფლიო მასშტაბით.