კასპში „ბიზნესისა და ტექნოლოგიების ახალგაზრდული გადამზადების ცენტრი“ გაიხსნა.
ცენტრის მიზანია რეგიონში თანამედროვე განათლების ტენდენციების დამკვიდრება, ადგილობრივი ბენეფიციარების მომზადება დასაქმების ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის სტიმულირება.
„ბიზნესისა და ტექნოლოგიების ახალგაზრდული გადამზადების ცენტრი“ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი მეზურნიშვილის ინიციატივით, "ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის", "ტექნოპარკი საქართველოს" მხარდაჭერით და კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით გაიხსნა.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ინოვაციური პროექტი საქართველოს რეგიონალური განვითარების ჭრილში. ცენტრში გადამზადების პროცესი უკვე დაწყებულია. "ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან" თანამშრომლობით 5 ბენეფიციარი უკვე მონაწილეობს გადამზადების პროცესში. აქ აქტიურად ჩატარდება სემინარები და ტრენინგები. ვეცდებით მაქსიმალურად ვითანამშრომლოთ "ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან", "ტექნოპარკთან" და მათ მიერ განხორციელებული პროექტები ჩვენს ცენტრშიც გადმოვიტანოთ. მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა. პირველი ნაკადში ის ბენეფიციარები მონაწილეობენ, რომლებმაც თავად გამოთქვეს სურვილი. ზოგადად, კი ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა. აქ მოსვლა და იდეის გაზიარება ყველას შეეძლება. მაქსიმალურად ვეცდებით, ყველას დავეხმაროთ," - განაცხადა კასპის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა.
„ბიზნესისა და ტექნოლოგიების ახალგაზრდული გადამზადების ცენტრში“ სისტემატიურად გაიმართება ტრენინგები თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებსა და სოციალური მედიის მარკეტინგის მიმართულებით, სემინარები მსოფლიოს დასაქმების საერთაშორისო პლატფორმაზე დისტანციური სამუშოების შესასრულებლად საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით. სამთვიანი კურსების ფარგლებში ბენეფიციარები შეისწავლიან მარკეტინგს, საზოგადოებასთან ურთიერთობას, სოციალურ მედიას, გრაფიკულ პროგრამებს. სწავლების პროცესი განხორციელდება როგორც თბილისში "ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში", ისე კასპის ახლადგახსნილ ცენტრში. ცენტრის ტრენერების გადამზადებას "ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი" უზრუნველყოფს.
"ეს დღე მნიშვნელოვანია კასპის მოსახლეობისთვის, რადგან გადამზადების ცენტრი ძალიან სწრაფად უნდა გახდეს ადგილობრივების დასაქმების ცენტრი. სპეციალური გადამზადების შემდეგ ბენეფიციარების დასაქმება შეიძლება მოხდეს, როგორც ადგილზე, ასევე დისტაციურად, მაგალითად თბილისში ან საზღვრებს გარეთაც კი. მოთხოვნადი პროფესიებისა და უნარების შეძენაში კასპის მცხოვრებლებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ ცენტრში ჩატარებული სემინარები და ტრენინგები დაეხმარებათ. მომავალში ამ მიმართულებით განვითარებას სხვა რეგიონებშიც ვაპირებთ, კასპი ამ პროექტის პირველი მაგალითია," - თქვა "ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის" რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა.
ცენტრის 5 ბენეფიციარი უკვე 1 თვეა გადამზადების პროცესში ჩაერთო და ერთი მათგანი დასაქმდა კიდეც. კასპის ერთ-ერთმა კლინიკამ, რომელიც რებრენდიგს აკეთებს, სარეკლამო ვიდეორგოლი და ახალი ლოგო სწორედ "ბიზნესისა და ტექნოლოგიების ახალგაზრდული გადამზადების ცენტრის" ბენეფიციარს დაუკვეთა.
"კურსი ძალიან საინტერესოა. ვიდეორგოლების დამზადებას ვსწავლობთ. ჯერჯერობით ერთი თვეა, რაც ვსწავლობთ და მომავალი 2 თვის განმავლობაში მეტი სწავლისა და მეტი განვითარების იმედი მაქვს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ პირველი შეკვეთა უკვე მივიღე. ერთ-ერთი კერძო კლინიკა "მარი-მედი" ტექნოლოგიურ განახლებას აკეთებს და მე შევთავაზე სარეკლამო რგოლის დამზადება, რაზეც დამთანხმდნენ. მე უნდა შევქმნა მათი ახალი ლოგოც," - აღნიშნა ბენეფიციარმა თამთა თამარაშვილმა.
"ბიზნესისა და ტექნოლოგიების ახალგაზრდული გადამზადების ცენტრი" ერთადერთი ტექნოლოგიური პროექტი არაა, რომელიც კასპში ხორციელდება. მუშაობა იწყება მცირე ტექნოპარკის გახსნაზე, რაც 2018 წლისთვისაა დაგეგმილი.
"ტექნოლოგიური პროექტები მნიშვნელოვანია დასაქმების გაზრდის მიზნით. ის, რაც ხდება თბილისის ტექნოპარკში, ტექნოლოგიები, რომელიც იქ არის წარმოდგენილი და ახალგაზრდები, რომლებიც მუშაობენ, უბრალოდ გასაოცარია. საქართველოს ტექნოპარკში ჩამოყალიბებული იდეები მსოფლიო მასშტაბით ფინანსდება. ქართველების იდეების აფინანსებს კალიფორნიის Silicon Valley-ც, სადაც მსოფლიოს, ფაქტორბივად, ყველა ინოვაცია იქმნება და ვითარდება. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ცენტრის კასპში შექმნაც. დარწმუნებული ვარ ბევრი უნიკალური იდეა დაიბადება აქ და ბევრი სტარტაპი აიღებს სათავეს," - თქვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.
პროექტში ორგანიზატორების პარალელურად წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები არიან ჩართული. ცენტრს 5 პერსონალური კომპიუტერი გადასცა საჩუქრად კომპანია Softline-მა. შედეგად „ბიზნესისა და ტექნოლოგიების ახალგაზრდულ გადამზადების ცენტრში“ მუშაობა 10 ბენეფიციარს ერთდროულად შეეძლება. ცენტრში სწავლა სრულიად უფასოა ნებისმიერი მსურველისთვის.