”ასკანელი ძმები” უკრაინაში ექსპორტის დროებით შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

კომპანია ”ასკანელი ძმები” მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინაში ექსპორტის შეჩერების შესახებ უარყოფს.

მათი განცხადებით, უკრაინის ბაზარზე კომპანიის მიერ ნაწარმოები ალკოჰოლური სასმელები ბოლოს, 11 მარტს გადაიტვირთა.

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, უკრაინული გრივნას გაუფასურების გამო "ასკანელმა ძმებმა" უკრაინაში ექსპორტი დროებით შეაჩერა. კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ჯიმი ჩხაიძემ hvinonews-ს განუცხადა, რომ ღვინის ახალი პარტია უკრაინაში არ გაიგზავნა, თუმცა დასძინა, რომ უკრაინულ ბაზარზე ჯერ კიდევ არსებობს რეზერვები, რის გამოც დისტრიბუცია ჩვეულებრივ გრძელდება.

მისი თქმით, ამჟამად რუსეთში ღვინის ექსპორტირება შეუფერხებლად მიმდინარეობს. კომპანია ივნისიდან პროდუქციის გატანას გეგმავს კანადაშიც. როგორც hvinonews-ი წერს, კომპანიის მიერ წარმოებულმა ტვიშისა და ქინძმარაულის ღვინოებმა კანადის სახელმწიფო საწარმოს LСBO-ს მიერ გამოცხადებულ ორ ტენდერში გაიმარჯვეს.