ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების აღდგენის პირველ ეტაპზე, მძღოლებს მხოლოდ რამდენიმე საბაზისო ფაქტორის დაკმაყოფილებას მოსთხოვენ.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, ეს ის ფაქტორები იქნება, რომელთა მოწესრიგება მინიმუმ აუცილებელია იმისთვის, რომ როგორც მძღოლთა, ისე მგზავრთა და ქვეითთა სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას.
„რა თქმა უნდა, პარლამენტის საქმეა, რომ მიიღოს კანონები. ჩვენ მხარი დავუჭირეთ გიორგი მღებრიშვილის რეფორმებს, მაგრამ ამის გარდა საგზაო უსაფრთხოებას განაპირობებს კიდევ სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტები, რომლებზეც დისკუსია გააქტიურდა მაშინვე, როგორც კი საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონი დავამტკიცეთ. პირველი ეს არის ავტოსკოლების საკითხი და საჭიროა, რომ ერთიანი სტანდარტი იქნას შემოღებული, რომელიც მინიმუმ უნდა დააკმაყოფილოს ავტოსკოლამ. მეორე ეს არის საგზაო ინფრასტრუქტურა, რასაც თვითმმართველობებმა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უნდა მიხედოს. ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი სამუშაოა გასაწევი, რათა საგზაო ინფრასტრუქტურა შეესაბამებოდეს სტანდარტებს და ავარიების რისკები აქედან არ მომდინარეობდეს. მესამე ესაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რა კუთხითაც ასევე ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი, გასავითარებელია ეს მიმართულება და მეოთხე მნიშვნელოვანი ნაწილი ესაა ტექნიკური რეგლამენტი, ავტომობილების ტექნიკური გამართულობა. ჩვენ ევროკავშირთან გვაქვს აღებული ვალდებულება, რომ ქვეყანაში შემოვიღოთ ტექნიკური რეგლამენტი. რა თქმა უნდა, ევროპაში 100-ზე მეტ ტექნიკურ ფაქტორზე ხდება მანქანების შემოწმება, ჩვენ კი ჯერ არ ვართ მზად, რომ ყველა ფაქტორის შემოწმება მოვახდინოთ, რადგან ასეთ შემთხვევაში მანქანების უმეტესობა უბრალოდ ვეღარ გამოვა ქუჩაში, ამიტომ პირველ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ უფრო გონივრული იქნება და არის საუბარი, რომ მოხდეს საბაზისო ფაქტორების კონტროლი. ეს არის მაგალითად, „ბამპერი“, რომელიც მანქანებს უყენიათ წინა და უკანა მხარეს, სამუხრუჭე სისტემის მოწესრიგება, საბურავი, რომელიც აუცილებლად კარგ მდგომარეობაში უნდა იყოს, უსაფრთხოების ღვედები, განათების სისტემა და გამონაბოლქვი. ვფიქრობ, მინიმუმ ეს 6 ფაქტორი არის ის ფაქტორები, რომლის მოწესრიგება ნებისმიერ თავმოყვარე მძღოლს მოეთხოვება, რადგან საქმე ეხება როგორც მათ, ისე მგზავრების და ქვეითების უსაფრთხოებას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოში ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო უკვე რამდენიმე წელია აღარ არის. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ავტომობილის სავალდებულო პერიოდული ტესტირების აღდგენას გეგმავს, რაც, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შესაძლოა 2018 წლიდან მოხდეს.