"სოფლის თავში სასაფლაოა... სიტყვები ვერ გადმოსცემს აქ ნანახს - გრცხვენია, რომ ამ ნაგავში ამოსვრილი სოფელი საქართველოა. ეს ეკოლოგიური კატასტროფაა..."
ის რაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ სამგორში ხდება, ნამდვილი კატასტროფაა - სოფელი პოლიეთილენის პარკებშია გახვეული... ხეები, ღობეები, ნაგებობები თითქმის აღარ ჩანს. ეს არც არტმოდერნია და არც სახელდახელოდ აგებული ცელოფანის კარავი. ამ ყველაფერს ნაგვის სოფელი ჰქვია. აქ ადამიანები გადარჩენისთვის იბრძვიან. იბრძვიან ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის!
არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩვენი საქართველოს" ხელმძღვანელმა მიხეილ მუმლაძემ ახალ სამგორში არსებულ ვითარებას "სიბინძურის გამოფენა - ხელოვნების ახალი დარგი" უწოდა.
- გასულ კვირას ახლობლის დაკრძალვაზე ვიყავი ახალ სამგორში. როცა პროცესია საფლავზე მივიდა, საშინელი სიბინძურე დაგვხვდა - მთელი ტერიტორია პოლიეთილენის პარკებში იყო გახვეული. 67 წლის კაცი ვარ და ასეთი არაფერი მინახავს. არავის ანაღვლებს აქაურების ბედი, თორემ ასეთი სიბინძურე როგორ უნდა იყოს?! ეტყობა, თავს არავინ იწუხებს სოფლის დასუფთავებით. უნდა ჩახვიდეთ და თქვენი თვალით ნახოთ, რა საშინელება ხდება."
ახალ სამგორში, რომელიც რუსთავიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს, 1000-ზე მეტი კომლი ცხოვრობს. აქ ხეები ფერად-ფერად ცელოფანის პარკებს აუჭრელებია.
ნათელა მიგრიაული, ახალი სამგორის მკვიდრი: - ამას წინათ, ერთ ავტომობილს რომ გაავსებს, იმდენი ცელოფანი ამოვიღე სარწყავი არხიდან. ამ ბინძური წყლით მორწყული ნათესი თუ ხილი როგორ უნდა ვჭამოთ?! ზაფხულში გარეთ გამოსვლა შეუძლებელია, ისეთი ნაგვის სუნი მოდის, სუნთქვა ჭირს. ჰაერი მოწამლულია. აქაურებს ხშირად გვაქვს გამონაყარი, ამის მიზეზი რომ ანტისანიტარიაა, ყველა ვხვდებით. სოფლის თავში რამდენიმე წლის წინ ნაგავსაყრელი გაკეთდა. მას შემდეგ ცხოვრება გამწარებული გვაქვს. არაერთხელ მოვითხოვეთ გადატანა ან მოწესრიგება, რომ სუნმა არ შეგვაწუხოს, მაგრამ არაფერი შეცვლილა. გზაც გადავკეტეთ და ნაგავსაყრელზე ნაგვის მანქანებს აღარ ვუშვებდით. მოვიდნენ რუსთავის მერი და გარდაბნის გამგებელი, დაგვპირდნენ დახმარებას, მაგრამ...
გაიგეთ, ხალხო, აქ ცხოვრება უკვე გაუსაძლია. იქნება ჩვენი ხმა მივიდეს გარემოს დაცვის სამინისტრომდე, ჩამოვიდნენ და ნახონ, რა მდგომარეობაა ჩვენს სოფელში, ან გადაგვასახლონ სხვაგან. ჩვენზეც ხომ უნდა იზრუნოს ვინმემ?!
ქალბატონი ნათელა სოფლის თავში, სასაფლაოსკენ მიგვითითებს და გვეუბნება, რომ ისიც აუცილებლად უნდა ვნახოთ... სიტყვები ვერ გადმოსცემს აქ ნანახს - გრცხვენია, რომ ამ ნაგავში ამოსვრილი სოფელი საქართველოა. აქ ეკოლოგიური კატასტროფაა...
ამავე ტერიტორიაზეა მთავარი ავზი, საიდანაც სოფელი სასმელი წყლით მარაგდება. მას დასალევად ვეღარ იყენებენ, რადგან წყალს სპეციფიკური გემო აქვს.
ამ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის მფლობელი ენგურ ობგაიძე ამბობს, რომ წლების წინ დარგული ხეხილის მოსავალი კარგა ხანია არ მოუკრეფია - ეშინია, დაბინძურებული ნაყოფი სხვადასხვა დაავადების მიზეზი არ გახდეს. - ხედავთ, აქ რა ხდება?! საქონელი ვერ გამოგვიყვანია საბალახოდ."
ლევან აფციაური, გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი: - ქარი ნაგავსაყრელიდან ჩვენი სოფლისკენ უბერავს და პოლიეთილენის პარკები მოაქვს. თავადაც ხედავთ, რა მდგომარეობაა. დასუფთავების სამსახური რეგულარულად ასუფთავებს ტერიტორიას, თუმცა, მეორე დღეს იგივე სურათია... ბოლოს წინასააღდგომოდ დავასუფთავეთ, მაგრამ ხომ ხედავთ, რა მდგომარეობაცაა. მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლებთან გვქონდა საუბარი ქარსაცავი ზოლის გაშენებასა და შემაკავებელი ბადეების მონტაჟზე. ჩემი ინფორმაციით, ამ საკითხებზე მუშაობენ.
- აქაურები ამბობენ, რომ წყალს სპეციფიკური გემო აქვს...
- წყალი ნაგვით არ ბინძურდება. პრობლემა ის არის, რომ ქსელი, საიდანაც წყალი გროვდება, დაზიანებულია. მილები ისეა დათხელებული, შეკეთება შეუძლებელია.
- თქვენ თუ სვამთ წყალს?
- სიმართლე გითხრათ, ჩემს შვილებს ამ წყალს არ ვასმევ, მეც ვერიდები... ახალი პროექტის ფარგლებში გამოიყო 8 მილიონი ლარი და ხუთ სოფელს წყლის პრობლემა მოუგვარდება...
ნინო ჩხობაძე, ორგანიზაცია "საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარე: - პოლიეთილენის გაბნევა გარემოში დიდ პრობლემას ქმნის. განსაკუთრებით სახიფათოა თხელი ერთჯერადი პარკები. მათი დაშლა შეუძლებელია, არ ექვემდებარება გადამუშავებას. უმძიმესი მდგომარეობაა ნაგავსაყრელების ტერიტორიაზე. სავსეა ქვეყანა "ნატვრის ხეებით".
2018 წლიდან საქართველოს მთავრობა აპირებს, ხმარებიდან ამოიღოს პოლიეთილენი და ბიოდეგრადირებადი პარკებით ჩაანაცვლოს. ეს პირველი ნაბიჯია პრობლემასთან ბრძოლისა. ამასთან, გარემოში უკვე გაბნეული პოლიეთილენის პარკები უნდა შეგროვდეს. კატეგორიულად აკრძალულია მისი დაწვა. უნდა დაიპრესოს, დაკონსერვდეს და განთავსდეს ნარჩენების პოლიგონებზე.
პოლიეთილენის პარკების წარმოება გარკვეულ ბიზნესწრეებთან არის დაკავშირებული. გარემოს დაცვის სამინისტროს წარვუდგინეთ ანგარიში, საიდანაც ჩანს, რომ პოლიეთილენის მხოლოდ იმპორტი კი არ ხორციელდება, ადგილზეც აწარმოებენ და ძალიან იაფი ჯდება, ბიუჯეტში კი მოგების დიდი წილი არ ფიქსირდება. სახელმწიფოსთვის ეს ბიზნესი მომგებიანი არ არის...
წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 1 მაისის ნომერში
ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად