2016 წელს 70 სავალუტო ჯიხური გაუქმდა

ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს 70 ვალუტის გადამცვლელ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმდა.

ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში 111 ვალუტის გადამცვლელი პუნქტის, 13 მიკროსაფინანსო ორგანიზაციის და 9 გზავნილის განმახორციელებელი პირის ადგილზე ინსპექტირება განხორციელდა.

შედეგად, მათზე დაკისრებულმა საჯარიმო სანქციების ჯამურმა მოცულობამ 1.3 მილიონი ლარი შეადგინა.

„ადგილზე ინსპექტირებისას გამოვლინდა კანონმდებლობის სისტემატური დარღვევის შემთხვევები, ისეთები როგორებიცაა კლიენტის და ბენეფიციარი მესაკუთრე პირების იდენტიფიკაცია-ვერიფიკაციის და ინფორმაციის აღრიცხვა-შენახვის პროცესების არასათანადოდ მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაუცემლობა, განხორციელება და რისკზე დამყარებული მიდგომის რეალიზების მიზნით განსაზღვრული ზომების შეუსრულებლობა და სხვა,“ - ნათქვამია ანგარიშში.

სავალუტო ჯიხურების თემას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მიმდინარე წლის მარტშიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან 11 მარტამდე 32 ჯიხური გაუქმდა.