გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ოქრო ძვირდება

ოქროს ფასმა დღეს ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში მაქსიმუმს მიაღწია. ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ძვირფასი ლითონის აპრილის ფიუჩერსები 23,8 დოლარით (1,8% -ით) გაძვირდა და უნციაზე 1370,5 დოლარი შეადგინა. ეს კი გასული წლის 9 სექტემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

”ოქროს გაძვირება სხვადასხვა ფაქტორებმა განაპირობა. პირველ რიგში, რუსეთ-უკრაინის კრიზისმა და ყირიმის რეფერენდუმმა, რომელიც კვირას არის დანიშნული. განვითარებადი ქვეყნების ვალუტების შესუსტებამ და სირია-ირანის გარშემო გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ”, - აღნიშნავს ამერიკელი ექსპერტი ჯიმ რასელი, რომელიც 0US Bank Wealth Management-ის მთავარი სტრატეგოსია.

ამასთან, თებერვალში, ჩინეთის ექსპორტმა 2009 წლის შემდეგ რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი შეადგინა, წინა წელთან შედარებით, 18,1%-ით შემცირდა. არადა, ექსპორტი პლანეტის ყველაზე ხალხმრავალი ქვეყნის ეკონომიკის 40%-ს შეადგენს.

ძვირფასი ლითონის გაძვირება ევროზონიდან მიღებულმა სტატისტიკამაც განაპირობა: ევროპის სამრეწველო წარმოება წინა თვესთან შედარებით 0,2%-ით შემცირდა.

როგორც უცხოელი ანალიტიკოსები აცხადებენ, აღნიშნული მოვლენების გათვალისწინებით, ინვესტორები საკუთარი ფულის დასაბანდებლად გაცილებით საიმედო აქტივებს ეძებენ.