კანონპროექტის მიხედვით, ისეთი ფილმების ჩვენებას, რომლებიც სიგარეტის მოწევის კადრებს შეიცავს, წინ გამაფრთხილებელი ვიდეო უნდა უძღოდეს

ისეთი ფილმების ჩვენების წინ, რომელშიც სიგარეტს ეწევიან, უსათუოდ უნდა იყოს სარეკლამო რგოლი ან გაფრთხილება იმის შესახებ, თუ რა დამაზიანებელი ეფექტი აქვს თამბაქოს მოწევას , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტს განიხილავენ.

როგორც გუგული მაღრაძემ აღნიშნა, ძალიან დიდი აჟიოტაჟი იყო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს ფილმებში სიგარეტის მოწევის აკრძალვა.

„ერთადერთი, რაც აუცილებელი იყო, არის ის, რომ რაღაცნაირად გავლენა ფილმებში მოცემული მოწევისა, როგორც დადებითი მოდელი ქცევისა, თავიდან აგვერიდებინა. იმიტომ, რომ მხატვრულ ფილმებში დადებითი ნიმუშების ჩვენების შედეგად დიდია გავლენა განსაკუთარებით ახალგაზრდობის განწყობებზე და ამან შეიძლება ახალგაზრდებში მოწევის მიმართ დადებითი განწყობის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყოს. როდესაც სიმპათიური ახალგაზრდა ადამიანები ძალიან მოხდენილად ეწევიან, ეს შეიძლება მიღებულ იქნას, როგორც მისაღები ქცევა. ჩვენ შევთანხმდით, რომ რადგანაც ეს შეიძლება ესთეტიკურად და ტექნიკურადაც არ იყოს ადვილი განსახორციელებელი, ჩვენ ჩავდეთ ასეთი მოთხოვნა, რომ ასეთი ფილმების ჩვენების წინ უსათუოდ უნდა იყოს სარეკლამო რგოლი ან გაფრთხილება იმის შესახებ, თუ რა დამაზიანებელი ეფექტი აქვს თამბაქოს მოწევას. ასე რომ, ეს ამბავიც გავითვალისწინეთ“, - განაცხადა მაღრაძემ.