მონეტარული პოლიტიკის გაზრდით მოიმატებს განაკვეთები ლარის მიმდინარე ანგარიშებზეც , - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ყვარელში, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ეროვნული ბანკის შეფასებით, ფასების სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება და ინფლაცია 2018 წელს საშუალოდ 3%-თან ახლოს იქნება.
”მიმდინარე წელს, სამომხმარებლო ფასებზე მოთხოვნის მხრიდან მოქმედი ფაქტორები კვლავ სუსტია, თუმცა ეკონომიკური აქტივობა გაუმჯობესდა. წინასწარი შეფასებით, პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 5% შეადგინა. საქართველოს ძირითად სავაჭრო-პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური გაჯანსაღების კვალდაკვალ, გაუმჯობესდა საგარეო მოთხოვნა და შედეგად ექსპორტიდან, მათ შორის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები სწრაფად იზრდება. ასევე, წინა წელთან შედარებით მოიმატა საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობამ.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოკლევადიან პერიოდში კურსი ცვალებადია. იმისთვის, რომ მეწარმეებმა და მოსახლეობამ თავი დაიცვან კურსის მერყეობისგან, მნიშვნელოვანია მათ სესხი ეროვნული ვალუტაში ჰქონდეთ აღებული”, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, მონეტარული პოლიტიკის გაზრდით მოიმატებს განაკვეთები ლარის მიმდინარე ანგარიშებზეც.
”ბანკების უმეტესობა თავიანთ კლიენტებს მიმდინარე ანგარიშებზე სთავაზობენ მინიმუმ ეროვნული ბანკის სადეპოზიტო განაკვეთს, რაც დღესდღეობით 5,5 %-ია. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ბანკი აღარ სთავაზობს თავის კლიენტს ლარის მიმდინარე ნაშთებზე სარგებლის დარიცხვას, შესაძლებელია და მოგიწოდებთ, რომ მიმართოთ სხვა კომერციულ ბანკს. რადგანაც კომერციულ ბანკებს შორის მძაფრი კონკურენციაა ამ მხრივ, ამით ვისარგებლოთ და მივაღწიოთ ისე, რომ მიმდინარე ანგარიშებსაც პროცენტი დაერიცხოთ”,- განაცხადა კობა გვენეტაძემ.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 7.0 პროცენტამდე გაზარდა.
შემდეგი სხდომა 2017 წლის 14 ივნისს გაიმართება.