დღესდღეობით, ამაზე მეტად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გამკაცრების აუცილებლობა არ იკვეთება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წინანდალში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ყოველთვის შესაძლებელია დადგეს ისეთი პირობები, რომელმაც ეს შეიძლება განაპირობოს, მაგრამ ”ამ წუთში ეს ნამდვილად არ არის მოსალოდნელი”.
”რაც შეეხება ნეიტრალურ საპროცენტო განაკვეთამდე შემცირებას, დროთა განმავლობაში, საშუალოვადიან პერიოდში, ვფიქრობთ, რომ ჩვენ ამ მიმართულებას დავიწყებთ.
საპროცენტო განაკვეთის ტრაექტორია, რომელიც არის დაღმავალი და დაახლოებით 2018 წლის ბოლოსთვის ნეიტრალურ საპროცენტო განაკვეთამდე ჩამოდის, ეს არ არის დაპირება, არამედ არის ის, დღეს არსებული ინფორმაციით, როგორ ვხედავთ ჩვენ სიტუაციას”, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 7.0 პროცენტამდე გაზარდა.
შემდეგი სხდომა 2017 წლის 14 ივნისს გაიმართება.