დღევანდელი გადაწყვეტილებით, ინფლაციის მოლოდინების დამატებით მოსათოკად, ეროვნულმა ბანკმა მიზანშეწონილად მიიჩნია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით გაზრდა , - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ წინანდალში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით, 7%-მდე გაზრდის შესახებ.
როგორც გვენეტაძემ განმარტა, ეროვნული ბანკი გადაწყვეტილებას იღებს იმის მიხედვით, თუ რა არის მოსალოდნელი მომავალში ინფლაციის კუთხით.
”არსებული პროგნოზით, ინფლაციის წლიური მაჩვენებელი ერთჯერადი ფაქტორების გამო, 2017 წლის მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა დარჩება, თუმცა ამ ფაქტორების ამოწურვის შედეგად, 2018 წელს, იგი შემცირდება და 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელთან იქნება ახლოს”,- განაცხადა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტება.
”ეროვნული ბანკის მიზანი არის ფასების სტაბილურობა, რაც თავის მხრივ, ნიშნავს საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნებას. საშუალოვადიან პერიოდზე ფოკუსირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია, ვინაიდან მიმდინარე ეტაპზე, მოკლევადიან პერიოდში ინფლაცია შეიძლება გადახრილი იყოს სამიზნე მაჩვენებლიდან, როგორც ზრდის ასევე კლების მიმართულებით, მაგრამ ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ის დაუბრუნდება სამიზნე მაჩვენებელს.
ასეთი მიდგომით, რასაც ინფლაციის თარგეტირება ეწოდება, ფასების სტაბილურობა ყველაზე დაბალი საზოგადოებრივი დანახარჯებით მიიღწევა, ხოლო გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა სხვა ალტერნატივებთან შედარებით ყველაზე მაღალი და სტაბილურია.
რაც შეეხება ფასების სტაბილურობას, ეს მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდის, ინვესტიციებისა და დასაქმებისათვის. თუ გვექნება საგარეო შოკი, რაც ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი, შესაძლებელია გაცვლითი კურსი შეიცვალოს, მაგრამ არ დაირღვეს ფასების სტაბილურობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი მეწარმეები შეინარჩუნებენ კონკურენტუნარიანობას და დასაქმებას და ეკონომიკაში პრობლემები არ გვექნება”,- განმარტა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, იმის გამო, რომ შოკები მუდმივად ხდება, ინფლაცია მუდმივად განსხვავებული იქნება მიზნობრივი დონისგან.
”ის იქნება ზოგჯერ მიზნობრივ ინფლაციაზე მაღლა ან დაბლა. თუმცა, საშუალოვადიან პერიოდში ეროვნული ბანკის ქმედებების შედეგად ცვლილება ყოველთვის მიზნობრივი ინფლაციისკენ იქნება მიმართული.
დღევანდელი გადაწყვეტილებით, ინფლაციის მოლოდინების დამატებით მოსათოკად, ეროვნულმა ბანკმა მიზანშეწონილად მიიჩნია განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით გაზრდა. სხვა თანაბარ პირობებში, მიმდინარე წლის განმავლობაში, პოლიტიკის განაკვეთის ზრდის საჭიროება არ იკვეთება. ასევე, ინფლაციაზე მოქმედი ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად ნეიტრალურ დონემდე შემცირდება.
არსებული პროგნოზებით მოსალოდნელია, რომ ზაფხულამდე წლიური ინფლაციის მაჩვენებელი დღევანდელის ფარგლებში ან ცოტა უფრო მაღალი იქნება საბაზო ეფექტის გამო, რადგან მოგეხსენებათ, რომ გასულ წელს, ამ პერიოდში, ფასები მცირდებოდა, ხოლო შემდეგ ინფლაცია შემცირებას დაიწყებს”,- განაცხადა გვენეტაძემ.