ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ა.ა.(ი) პ. ქალაქ ოზურგეთის სერვის-ცენტრის სამსახურების თანამშრომლებმა აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე კუსტარულად დამონტაჟებული სავაჭრო კონსტრუქციები დაშალეს. ოზურგეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ ადგილზე წლების განმავლობაში გარევაჭრობა უკანონოდ ხორციელდებოდა.
”მოვაჭრეები ქუჩაში ვაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით ზემოთ აღნიშნული სამსახურის მიერ არაერთხელ იყვნენ გაფრთხილებული. გარდა ამისა, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ბეგლარ სიორიძემ მოვაჭრეები პირადად გააფრთხილა და სთხოვა ვაჭრობა ბაზრის შიდა ტერიტორიაზე გაეგრძელებინათ.
სიტყვიერი გაფრთხილების შესაბამისად, მოვაჭრეებს ვადა აღდგომის დღესასწაულის ჩათვლით მიეცათ, რის შემდეგაც მათ აღნიშნულ ტერიტორიაზე ვაჭრობა უნდა შეეწყვიტათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი კანონის შესაბამისად დაჯარიმდებოდნენ”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
როგორც ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ განაცხადა, გარემოვაჭრეებმა სიტყვიერი გაფრთხილება არ გაითვალისწინეს და აგრარული ბაზრის გარე ტერიტორიაზე ვაჭრობა კვლავ გააგრძელეს.
”ჩვენ კანონის შესაბამისად მოვიქეცით და გარევაჭრობა ავკრძალეთ. გარდა იმისა, რომ მოვაჭრეები კანონს უხეშად არღვევდნენ, გარევაჭრობას მოყვება სხვადასხვა ნეგატიური შედეგი. პირველ რიგში, არასათანადო პირობებში განთავსებული პროდუქტი ზიანს აყენებს მოქალაქეთა ჯანმრთელობას, ფერხდება როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალებათა, ისე ქვეითთა მოძრაობის პროცესი და მახინჯდება ქალაქის იერსახე. ჩვენ მოვაჭრეებს შევთავაზეთ ალტერნატიული ფართები, სადაც საშუალება აქვთ მოწესრიგებულ გარემოში ივაჭრონ“,- განაცხადა ბეგლარ სიორიძემ.
სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს გურიის სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა ნინო ქადეიშვილმა აღნიშნა, რომ არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში დაუშვებელია სურსათის რეალიზაცია, რადგან არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის პირობები.
”შესაბამისად, სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავოს სურსათის შეძენისაგან ასეთ ადგილებში. განსაკუთრებით საშიშია ხორცის და ხორცპროდუქტების, თევზის, რძის, რძის ნაწარმის, კვერცხის და მალფუჭებადი საკონდიტრო პროდუქტების შეძენა“, - განაცხადა ქადეიშვილმა.
”მოვაჭრეები ბაზარის შიდა ტერიტორიაზე გადასვლის შემთხვევაში გადასახადისგან სამი თვის მანძილზე განთავისუფლდებიან. აღსანიშნავია, რომ ბაზარში დახლის დღიური გადასახადი 90 თეთრია”,- აცხადებენ ოზურგეთის მერიაში.