პრემიერი სამინისტროებში არაკომპეტენტური კადრების ჩანაცვლებას ნიჭიერი სტაჟიორებით გეგმავს

სანთლით ვეძებ კვალიფიციურ კადრებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თსუ-ში, სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრაზე ეკონომისტმა ირაკლი მურცხვალაძემ პრემიერს მიმართა, რომ სახელმწიფო უწყებები გადაჭედილია არაკომპეტენტური ხალხით. მანვე განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტროში ძალიან ბევრი საერთოდ არ არის განათლებით ეკონომისტი. მურცხვალაძემ ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა, თუ როგორ დაეხმარება მას მიზნის მიღწევაში ხალხი, ვინც კომპეტენტური არ არის.

"მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი არაკომპეტენტური ადამიანია სამინისტროებში და ვიცი, რომ ეს საკითხი მწვავედ დგას. ეს არაკომპეტენტური კადრები ჩანაცვლდება. თუმცა, ეს ერთ დღეში ვერ მოგვარდება და ამას სჭირდება თანმიმდევრულობა. ეტაპობრივად უნდა მოხდეს ჩანაცვლება და სამინისტროებში ფორსირებულად უნდა შევიდნენ სტაჟიორები. როდესაც ნიჭიერი ადამიანი შევა სამინისტროში, მას კონკურენციას ვერ გაუწევენ და გამოჩნდება, ვინ არის არაკომპეტენტური. სანთლით ვეძებ კვალიციფიციურ კადრებს. საქართველოში ძალიან ჭირს კვალიფიციური კადრი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ის საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ არჩევანის წინაშე დადგა - ბიძინა ივანიშვილთან დაეწყო მუშაობა თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. პრემიერი ფიქრობს, რომ სწორი ნაბიჯი გადადგა, რომ არჩევანი ბიძინა ივანიშვილზე გააკეთა.

"მე, მაშინ, როდესაც ვსწავლობდი თსუ-ში, ვფიქრობდი ჩემს მომავალზე. ვუყურებდი, რომ ვამთავრებდი უნივერსიტეტს მაგრამ რეალური პერსპექტივა არ ჩანდა თუ სად უნდა დამეწყო მუშაობა და ა.შ. შემდეგ წავედი საფრანგეთში და ჩამოსვლის შემდეგ ვეძებდი სამსახურს. ახალი მომხდარი იყო რევოლუცია, ბედმა გამიღიმა და ორი არჩევანი მქონდა მუშაობის დაწყების - პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ან ბიძინა ივანიშვილის კერძო სტრუქტურაში. არჩევანი გავაკეთე მეორეზე და მივხვდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.