Chačapuri - სახაჭაპურე ლიტვაში და ხაჭაპური ბადრიჯნითა და ქინძით

ვილინიუსში ადგილობრივებმა უკვე რამდენიმე წელია კარგად იციან ქართული სახაჭაპურე Chačapuri-ის შესახებ.

თუმცა ამის მიუხედავად, ხაჭაპური ლიტვის დედაქალაქში ძირითადად მაინც ეგზოტიკურ სიახლედ მიიჩნევა, რის შეცვლაზეც ქართული სახაჭაპურის დამფუძნებლები აქტიურად მუშაობენ. პირველი სახაჭაპურე ვილნიუსში 2012 წელს გაიხსნა. სანდრო ვეკუა კი მის მმართველ გუნდს ერთი წლის შემდეგ შეუერთდა.

”ჩემი ძმა სამაგისტრო პროგრამით ჩავიდა ვილნიუსში. იმის გათვალისწინებით, რომ მრავალწლიანი გამოცდილება ქონდა ბიზნესში და სწავლის პარალელურად, დიდი სურვილი ქონდა, საკუთარი საქმე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც წამოეწყო. თუმცა ეს ყველაფერი იმაზე 100-ჯერ უფრო რთული გამოდგა, ვიდრე იდეებში და შემდეგ უკვე ბიზნეს-გეგმაში იყო განსაზღვრული,” - ამბობს სანდრო ვეკუა.

თავად სანდრო ძმას ოდნავ მოგვიანებით, საქართველოში სწავლის დასრულების შემდეგ შეურთდა.

”სწავლის პარალელურად, სხვადასხვა სექტორში განსხვავებულ თანამდებობებზე ვმუშაობდი. ყველა ადგილიდან ბევრი ცოდნა და გამოცდილება წამოვიღე, მაგრამ არ ვიყავი მთელი გულით ჩართული იმაში, რასაც ვაკეთებდი. ეს კი, ალბათ, ერთი მხრივ, გამოუცდელობიდან გამომდინარეობდა და მეორე მხრივ, იქიდან, რომ ყოველთვის ვიყავი დაქირავებული თანამშრომელი,” - ამბობს სანდრო, რომელიც ამჟამად კომპანიის ერთ-ერთი ტოპ-მენეჯერია.

Chačapuri მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის ხაჭაპურს სთავაზობს. ასევე აქვთ ექსკლუზიურად შემუშავებული რეცეპტები, რომლებიც ადგილობრივი მომხმარებელის გემოვნებაზეა მორგებული.

”კვლევის შედეგად დავადგინეთ, რომ ბადრიჯანი და ქინძი დიდი პოპულარობით სარგებლობდა ლიტველებში. ამასთან, ეს ორი პროდუქტი უფრო მეტად აღძრავდა ქართულ ასოციაციებს. შედეგად შევქმენით ხაჭაპური ბადრიჯნით და ქინძით. ძალიან გემრიელია და მომხმარებელშიც პოპულარობით სარგებლობს”, - განმარტავს კომპანიის მენეჯერი.

bpnსამზარეულოს თანამშრომლების 100% ქართველები არიან, რაც კიდევ უფრო ქართულს ხდის კომპანიის პროდუქციას. ობიექტებზე მისულ მომხმარებელს ქართული ატმოსფერო ხვდება.

”ეს ყველაფერი ბიზნეს ინტერესების გარდა, ფუნქციურობას მატებს ჩვენს საქმიანობას.

ვგულისხმობ იმ ერთი დამატებითი აგურის დადებას ქართულ-ლიტვურ ურთიერთობაში, რაც ჩვენი აქ ყოფნითა და საქმიანობით მიიღწევა. სიტყვა ხაჭაპური ლიტვაში დიდმა უმრავლესობამ იცის, რაც სათავეს ქართულ-ლიტვური ურთიერთობების ისტორიიდან იღებს. კავშირი ამ ორ ქვეყანას შორის საბჭოთა კავშირის დროსაც ძალიან მჭიდრო იყო და მისი დანგრევის შემდეგ უფრო გაღრმავდა. თუმცა მოხარული ვარ, ჩვენ ჩვენი სახელიც დავიმკვიდრეთ და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა იცის ჩვენ შესახებ. რაც მთავარია, მოსწონოთ. თუმცა ამ დროისთვის მაინც ნიშური სეგმენტი გვიჭირავს და ვისურვებდი, რომ ამ სეგმენტიდან გამოვიდეთ, ჩვეულებრივ ყოველდღიურობად ვაქციოთ ხაჭაპური და არა “ცოტა ეგზოტიკურად”,- ამბობს სანდრო.

ახალგაზრდებისთვის ლიტვაში ბიზნესის დაწყება იოლი ნამდვილად არ ყოფილა. სანდრო ვეკუას თქმით, ბიუროკრატიის დონე ლიტვაში ძალიან მაღალია, რაც ადმინისტრაციული თვალსაზრისით ბევრ სირთულეს ქმნიდა ბაზარზე შესვლამდეც და ახლაც. ამის გარდა, კონკურენცია ამ სექტორში ძალიან მაღალია.

„ყველაზე რთული პირველი წელი იყო. ყველაფერი ნულიდან მცირე ინვესტიციებით დავიწყეთ. საწყის ეტაპზე სტრუქტურული ორგანიზაციული სახე არ ჰქონდა ჩვენს კომპანიას და გვიწევდა სხვადასხვა მიმართულებების საკუთარ თავზე აღება. მე პირადად კვირაში სამი დღე 21 საათი ვმუშაობდი, სხვა დღეები 15-16 საათს არ ჩამოუვარდებოდა. დილით მომარაგებას მე თვითონ ვაკეთებდი, დღის განამვლობაში შეკვეთების მიტანა მიწევდა, რადგან თითოეული დამატებითი ცენტი კომპანიის სამომავლო განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იყო. ღამე კი მენეჯერული გადაწყვეტილებებს ვიღებდით. საბედნიეროდ, ცუდად არ ჩაიარა ამ შრომამ და დღეს შემდგარი სტრუქტურული ორგანიზაცია ვართ, სადაც ყველა თავის საქმეს აკეთებს. თუმცა სრულყოფილებამდე ჯერ კიდევ ბევრი შრომა და ენერგიაა გასაღები,” - განმარტავს ახალგაზრდა ბიზნესმენი.

სანდრო სამომავლოდ საქართველოში დაბრუნებას აპირებს. თუმცა გარკვეულ ეპატზე საზღვარგარეთ დარჩენას და იქ საქმიანობას არჩევს, რომ სათანადო ცოდნა და გამოცდილება მიიღოს.

”დღევანდელ პირობებში ემიგრაცია, არც ისეთი მტკინვეული საკითხია, როგორც ეს წლების წინ იყო. დღეს კომუნიკაცია ქვეყანასთან და საყვარელ ადამიანებთან გაცილებით იოლია. ასევე, გამარტივებულია გადაადგილება. მართალია 365 დღიდან ძალიან მცირე დროით მაქვს სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა, მაგრამ მაინც არ მიმაჩნია, რომ წასული ვარ ან უფრო უხეშად რომ ვთქვა, გადახვეწილი. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, მჭიდრო კავშირშია საქართველოსთან, სადაც აუცილებლად დავბრუნდებით. ჩემს მომავალს საქართველოში ვხედავ, თუნდაც ჩემს ულამაზეს სოფელ წკადისში, რაჭაში. ერთხელ ბებიაჩემთან ერთად სოფელში ვიყავით და მკითხა, პატრიოტიზმი რა არისო, რასაც თვითონვე უპასუხა - დაიხარა და მიწას აკოცა. ეს დღემდე გათვითცნობიერებული მაქვს და ამ სიყვარულს ვერ გავცვლი „სხვა ქვეყნის სამოთხეზე“. ამიტომ სრული დარწმუნებით გეტყვით, რომ არც ძალიან ახლო მომავალში, მაგრამ აუცილებლად ვივლი ჩემს მიწაზე”, - ამბობს სანდრო.

ემიგრაციის შემცირების გზად სანდროს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება მიაჩნია. მისი განმარტებით ეს კომპლექსური საკითხია: უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, თუმცა ამ ადგილებზე პროფესიული კადრები უნდა მოდიოდნენ, რაც ძლიერი განათლების სისტემის შედეგი იქნება.

”სამწუხაროა, არასწორი დამოკიდებულება, რაც ხშირად ჩვენს თანამემაულეებს აქვთ. გონიათ, რომ ევროპაში წავლენ და იქ ყველაფერი მარტივად და თავისთავად მოხდება. არა! შრომა ყველგან აუცილებელია. მეტიც, ორმაგი შრომაა აუცილებელი, რომ უცხო ქვეყანაში დაიმკვიდრო თავი. თუმცა ციფრებში გადაყვანილი შრომა საზღვრებს გარეთ ნამდვილად უფრო ფასდება, რადგან იქ ძლიერი ეკონომიკაა. ამიტომაც იღებენ ასე ხშირად ქვეყნის დატოვების მტკივნეულ გადაწყვეტილებას,” - აღნიშნავს სანდრო.

Chačapuri-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ფიქრობს, საქართველო ბევრი სისუსტის მიუხედავად, ძალიან მომხიბვლელი ქვეყანაა ბიზნესის საკეთებლად.

”ვფიქრობ, აუცილებელია ჩვენი მოსახლებისთვის, გარკვეული პერიოდით გავიდნენ ქვეყნიდან, ნახონ რის შედეგად მიიღწევა წარმატება, რამხელა შრომა დგას ყველა წარმატების უკან, მიიღონ განათლება. თუმცა აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ სამშობლოში და ჩვენი ქვეყანა ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ, ყველამ უნდა შევიტანოთ წვლილი მის განვითარებაში. მთავარია, ცოტა მეტად მოვინდომოთ, ცოტა მეტი ოფლი დავღვაროთ, ცოტა მეტად ვცეთ ერთმანეთს პატივი და სხვისი წარმატება სიგნალი იყოს ჩვენი თვითმოტივაციის და არა - უარყოფითი რეაქციების,” - ამბობს სანდრო ვეკუა.

ნანა მღებრიშვილი