თბილისს 14 წარმატებული ებრაელი ბიზნესქალბატონი ეწვევა

მაისში საქართველოს 14 ცნობილი ებრაელი ბიზნესქალბატონი ესტუმრება, - ამის შესახებ  bpn.ge-ს ისრაელი-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ, იციკ მოშემ განუცხადა.

მისი თქმით, საქმიანი ქალბატონები საქართველოში ადგილობრივ კოლეგებს შეხვდებიან და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივას განიხილავენ.

ამასთან, როგორც ორგანიზატორმა აღნიშნა, წლის ბოლომდე, კერძოდ, ოქტომბერში, კიდევ ერთი ქართულ-ებრაული ბიზნეს-ფორუმი ჩატარდება, ამჯერად, ისრაელში. შეხვედრების ძირითადი თემა საქართველოში ტურიზმის სექტორში ინვესტირებაა.

”ჩვენ კარგად შევისწავლეთ ეს სექტორი და მიგვაჩნია, რომ ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული დარგია, შესაბამისად, ამ წელს ტურიზმზე ვიქნებით ფოკუსირებული. მის პროპაგანდას ისრაელის მედიაშიც აქტიურად ვგეგმავთ. მაისში ერთ-ერთი ყველაზე მაღალტირაჟიანი გაზეთის ნომერი, სადაც ერთი სტატიის განთავსება 100 ათასი დოლარი ღირს, მთლიანად საქართველოს ტურიზმს დაეთმობა”,   - განაცხადა იციკ მოშემ.

მომავალ წელს კი ისრაელის სავაჭრო პალატა ორიენტირს უკვე კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე აიღებს, რომელიც დიდ კაპიტალდაბანდებებს არ საჭიროებს, სამაგიეროდ, მაღალშემოსავლიანია.

”გასულ წელს ისრაელში ასეთ პროგრამებზე სამი სტარტ-აფი დაფინანსდა, რომელმაც ქვეყანაში მილიარდი დოლარი შემოიტანა. ვფიქრობ, ქართველებს ამ მხრივ დიდი პოტენციალი გააჩნიათ”, - აღნიშნა სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ.