როგორ გამოიყურება ვარკეთილის მეტროს ტერიტორია გარევაჭრობის აკრძალვის შემდეგ

ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობის უნებართვო კონსტრუქციები აიღეს. როგორც თბილისის მერიიდან გვაცნობეს, ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ გათავსებული გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა გაიტანეს. ტერიტორია "თბილსერვის ჯგუფმა" დაასუფთავა.

მერიის ინფორმაციით, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეები რამდენჯერმე გააფრთხილეს, შეეწყვიტათ უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა.

თბილისის მერის მოადგილის გიგა ნიკოლეიშვილის განცხადებით, გარემოვაჭრეებს ბაზრობებზე საქმიანობის გაგრძელება 6 თვის განმავლობაში უსასყიდლოდ შეუძლიათ.

თბილისის მერიამ უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება 19 მარტს, მეტრო "მარჯანიშვილის" მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. ანალოგიურ ღონისძიებებს მერია მომავალშიც განახორციელებს და მოვაჭრეებს უნებართვო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ.

იხილეთ ფოტოგალერეა

წყარო ALLNEWS.GE