პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განმარტებით, დეპუტატები 2012 წლის შემდეგ პრემიებს აღარ იღებენ.
როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მისი ხელფასი ორ ნაწილად იყოფა, რომლის დიდი ნაწილი საშემოსავლო გადასახადებში მიდის.
,,დეპუტატი არ იღებს პრემიას. რაც შეეხება ხელფასს და დანამატს, ეს ყოველთვის არსებობდა, მას ადრე პრემიაც ემატებოდა. 2012 წლიდან დეპუტატებს პრემია არ აუღიათ. ყოველთვიურად მაქვს ხელფასი, რომელიც ორ ნაწილად იყოფა: საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს ბიუჯეტში ვიხდი, როგორც საშემოსავლოს და თვეში დაახლოებით 4 300 ლარი რჩება. ამას აკლდება ქუთაისში ბინის ქირის თანხა. ვფიქრობ, რომ ჩვენს პირობებში ეს ნორმალურია. საიდან კეთდება ეს გათვლები და რატომ არის ჩემი ხელფასი და დანამატი უფრო მეტი, ვიდრე სხვა დეპუტატის, ალბათ ეს თანამდებობრივ სარგოს ეხება, რადგან თანამდებობრივი სარგო უფრო მეტი მაქვს, ვიდრე ჩვეულებრივ დეპუტატს. ოთხ-ხუთ თვეზე რომ გადაითვლი ამ ყველაფერს, ციფრი გაცილებით მეტი ჩანს, ვიდრე ერთ თვეზე. ასე რომ, ხელფასი არის ხელფასი და მე არ ვარ გამორჩეული სხვებისგან“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოსა" და მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ 2017 წლის 1-ლი იანვრიდან 30 აპრილის ჩათვლით, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს ხელფასის სახით მიეცათ 3.039.081 ლარი, საიდანაც დანამატი 1.839.281 ლარია. მათივე კვლევის თანახმად, ყველაზე მაღალ ანაზღაურებას იღებენ პარლამენტარები: ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, გიორგი ვოლსკი, ირმა ინაშვილი, დავით ბაქრაძე, სერგი კაპანაძე, ხათუნა გოგორიშვილი, ზვიად ძიძიგური, რომან გოცირიძე, ილია ნაკაშიძე. თითოეული მათგანის შემოსავალმა აღნიშნულ პერიოდში 23 ათას ლარს გადააჭარბა.