საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ტაბატაძე ისრაელში გამგზავრების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს, უვიზო რეჟიმი მიზნობრივად გამოიყენონ.
როგორც გიორგი ტაბატაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, იმისათვის რომ ისრაელთან საუბარი დაიწყოს შრომითი მიგრაციის ხელშეკრულების საკითხზე, აუცილებელია, რომ ისრაელის მხარემ დაინახოს საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებული არალეგალური მიგრაციის მაჩვენებლის კლება.
„ისრაელში გამგზავრების მსურველმა ჩვენმა მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს რეჟიმი - უვიზო მიმოსვლა გულისხმობს მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტებით მგზავრობას, როგორიც არის: ტურიზმი, კერძო ვიზიტები, სამედიცინო მომსახურების მიღება და სხვა. არავითარ შემთხვევაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ გულისხმობს სამუშაოდ გამგზავრებას. ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, ეს რეჟიმი გამოიყენონ მხოლოდ იმ მიზნებისთვის, რასაც უვიზო მიმოსვლა გულისხმობს - მოკლევადიან ვიზიტებს, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ჯამში 90 დღეს. სხვა მიზნებით ისრაელში გასამგზავრებლად აუცილებელია ისრაელის საელჩოდან შესაბამისი კატეგორიის ვიზის მიღება და ამ ვიზის საფუძველზე კანონიერად გამგზავრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საზღვრიდან მათი გამობრუნება მოხდება, რასაც ადგილი ჰქონდა გასული თვეების განმავლობაში. ეს საბოლოო ჯამში, იწვევს ჩვენი მოქალაქეების ფინანსურ დანახარჯებს, ასევე მათ ადგებათ მორალური ზიანიც, მითუმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ისრაელმა ახალი რეგულაციები შემოიღო და უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეგვიყვანა, რაც იმას ნიშნავს რომ ჩვენი ქვეყნიდან ჩასულ მოქალაქეებს, არ აქვთ საფუძველი პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვენ. საბოლოო ჯამში, ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში, მათი განცხადება არ დაკმაყოფილდება და მოკლე დროში მოხდება მათი საქართველოში გამომგზავრება. ამ ყველაფრის ფონზე ნამდვილად აზრსმოკლებულია ამ სავიზო რეჟიმის სხვა მიზნებით გამოყენება“, - განაცხადა გიორგი ტაბატაძემ და დასძინა, რომ საზღვარზე საქართველოს მოქალაქეების ბიომეტრული მონაცემებისა და პირადი ნომრის მეშვეობით შემოწმებაც ხდება.
ამასთან, საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა მედიას 2016 წლის სტატისტიკაც გააცნო, რომლის თანახმადაც, 2016 წელს ისრაელში საქართველოს 18 437 მოქალაქე შევიდა, ისრაელი დატოვა საქართველოს 14 327 მოქალაქემ, ისრაელში შესვლაზე უარი ეთქვა 3 974 მოქალაქეს, ხოლო 304 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა, თუმცა, შესაძლოა ისინი ისრაელში სხვა წლებში შევიდნენ.