ნავთლუღში ხორცპროდუქტების საწარმო გაიხსნა

ხორცპროდუქტების ბაზარს ახალი კომპანია შეემატა. საწარმო, რომელიც ძეხვეულსა და ნახევარფაბრიკატებს, მათ შორის, სამარხვოს, ”ივერიას” ბრენდით აწარმოებს, თბილისში, ნავთლუღში სამი კვირის წინ ამუშავდა.

საწარმო თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი, სადაც 1 მილიონი დოლარის მოცულობის ადგილობრივი ინვესტიცია ჩაიდო. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ალეკო ქამუშაძეა, რომელმაც თავისი წილი ხორცპროდუქტების მწარმოებელ კომპანია ”მითანაში” გაყიდა და საკუთარი წარმოება გახსნა.

როგორც bpn.ge -ს ქამუშაძემ განუცხადა, პროდუქციის რეალიზაცია, რომელიც საშუალო და მაღალ საფასო სეგმენტზეა გათვლილი, დღეში უკვე 2 ტონას აღწევს, თუმცა, საწარმოს მაქსიმალური სიმძლავრე 8-9 ტონაა.

”ცხოვრების რიტმის აჩქარებასთან ერთად ნახევარფაბრიკატებზე მოთხოვნა იმატებს, შესაბამისად, ბაზარი მზარდია და მაღალი კონკურენციის მიუხედავად, პერსპექტიულიც”, - მიიჩნევს ”ივერიის” მფლობელი.

ალეკო ქამუშაძის თქმით, კომპანიის გეგმებში საკუთარი მაღაზიების ქსელის გახსნაც იგეგმება, თუმცა, მხოლოდ მაშინ, როცა პროდუქციის რეალიზაცია დღეში 6 ტონას მიაღწევს.