5 მაისიდან ბანკი რესპუბლიკის სერვისები ხელმისაწვდომი აღარ იქნება

თიბისი ბანკისა და ბანკი რესპუბლიკის გაერთიანებასთან დაკავშირებით, 5 მაისს, 18:00 საათიდან, ბანკი რესპუბლიკის სერვისები ხელმისაწვდომი აღარ იქნება.

"თიბისი ბანკის" ინფორმაციით,  რესპუბლიკიდან გამავალი გადარიცხვები კი 5 მაისს, 16:00 საათიდან შეჩერდება.

მათივე ცნობით, თიბისი ბანკის რამდენიმე სერვისი, 6 და 7 მაისს, დროებით შეიზღუდება. არ იმუშავებს თიბისი ბანკის ფილიალები, სერვის-ცენტრები, ინტერნეტ და მობაილბანკი, სწრაფი გადახდის აპარატები, განვადების ობიექტები და SMS სერვისი. ხელმისაწვდომი იქნება საბარათე ოპერაციები ბანკომატებსა და პოს-ტერმინალებში, ასევე ელექტრონული გადახდები და სატელეფონო ცენტრი.

"8 მაისიდან, თიბისი ბანკის ყველა სერვისი სრულად აღდგება, ბანკი რესპუბლიკის კლიენტები თიბისი ბანკის ბაზაში დაინტეგრირდებიან და შეუფერხებლად შეძლებენ მომსახურების მიღებას.

თიბისი ბანკი თხოვნით მიმართავს ბანკი რესპუბლიკის მომხმარებლებს, 5 მაისს, 17:30 საათამდე, წაიღონ მათთვის უფასოდ დამზადებული თიბისი ბანკის ბარათები ფილიალებიდან, რადგან 5 მაისს, 23:00 საათის შემდეგ, ბანკი რესპუბლიკის ბარათები აღარ იქნება აქტიური. ანგარიშის ნაშთები ავტომატურად გადაინაცვლებს თიბისი ბანკში ახლად გახსნილ ანგარიშებზე. 8 მაისიდან ანგარიშებზე მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება თიბისი ბანკის და ბანკი რესპუბლიკის ყველა ფილიალში. დამატებითი ინფორმაციისთვის კლიენტებს შეუძლიათ მიმართონ თიბისი ბანკის ან ბანკ რესპუბლიკის სატელეფონო ცენტრს ( +995 32 2 90 90 90 ან +995 32 2 27 27 27)", - ნათქვამია "თიბისი ბანკის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.