რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქეთთან ურთიერთვაჭრობის სფეროში შეზღუდვების მოხსნაზე კომპლექსური გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას, პრობლემათა კომპლექსურ მოგვარებაზე შეთანხმდნენ, რომლებიც შეზღუდვებთან არის დაკავშირებული.
„გამოვდივართ იქიდან, რომ ნებისმიერი შეზღუდვა ანგრევს ეკონომიკას და საბოლოო ჯამში, ვნებს ჩვენს მწარმოებლებს“, - განაცხადა კრემლის ლიდერმა.
რუსეთმა თურქეთიდან მთელ რიგ პროდუქციაზე ემბარგო 2016 წლის 1-ელი იანვრიდან შემოიღო, რაც თურქეთის მიერ რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავის ჩამოგდებას უკავშირდებოდა.
სოჭში რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების ვლადიმერ პუტინისა და რეჯებ თაიპ ერდოღანის შეხვედრა დღეს სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ლიდერები პრეზიდენტის სახელმწიფო რეზიდენციაში Бочаров ручей-ზე შეხვდნენ.
ორი ქვეყნის ლიდერებს შორის შეხვედრა ვიწრო ფორმატში გაიმართა.