პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ”თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტი მეორე მოსმენით განიხილეს.
კანონში დაგეგმილი ცვლილებების ინიციატორმა გუგული მაღრაძემ ხაზგასმით განმარტა, რომ პროექტი მწეველთა უფლებების დასაცავად არ მომზადებულა. მისი თქმით, კანონპროექტი არის იმისთვის, რომ საქართველოში შეიქმნას მოწევისგან თავისუფალი სივრცეები, შეიქმნას სიტუაცია, როცა არ იქნება თამბაქოს პროპაგანდა, რეკლამა და კანონის დარღვევისთვის იმოქმედებს ჯარიმა.
”როგორც კი დაუშვებ მოსაწევ ოთახს, თამბაქოს კვამლს არა აქვს კარი და ის გავლენას მაინც ახდენს. როგორც კი დაუშვებ პატარა ხვრელს, რომ გამოყოფილი იყოს მოწევისათვის, ჩათვალეთ, რომ კანონი ეფექტურად აღარ იმუშავებს. ამიტომ ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ დახურულ შენობებში მოწევა აკრძალული იქნება”, - განაცხადა გუგული მაღრაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
კანონპროექტის უმთავრესი მიზანია, არამწეველი მოსახლეობის დაცვა და ახალგაზრდებისთვის თამბაქოს ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად შეზღუდვა. მკაცრად აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაცია, საჯარო სივრციდან მოწევა დაშვებული იქნება მხოლოდ რამდენიმე ობიექტში - მათ შორის, სამორინესა და სიგარაბარში.