2017 წელს თბილისში რამდენიმე გზისა და ვაშლიჯვრისა და მარშალ-გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ Allnews.ge-ს თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოები საცობების განმუხტვისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდება.
"რამდენიმე ახალი გზა დაპროექტდა, მათ შორის ნაფეტვრები-ახალდაბის დამაკავშირებელი გზა. მიმდინარეობს თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის მშენებლობა. ვაშლიჯვრიდან მარშალ გელოვანის გამზირის მიმართულებით ესტაკადის მშენებლობა, სხვა პროექტებთან ერთად, მაშინ დაიწყება, როდესაც მათი პროექტირება საბოლოოდ დასრულდება," - განმარტავს ის.
გარდა ამისა, აღმაშენებლის ხეივანზე ორი საფეხმავლო გადასასვლელი ხიდის მშენებლობაც იგეგმება.
თბილისის მერის მოადგილის ინფორმაციით, მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იგეგმება, რომელიც დახაზვებს, მონიშვნებსა და გადასასვლელების უზრუნველყოფასაც გულისხმობს.
წყარო ALLNEWS