„კონსტიტუციის პროექტის პირველი და მეორე მოსმენებისას პარლამენტში, დავაყენებთ საკითხს, რომ კონსტიტუციიდან ახალი გადასახადების დასაწესებლად რეფერენდუმის აუცილებლობის შესახებ მუხლი ამოვიღოთ“.
ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ პარლამენტის დეპუტატმა, ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ მდივანმა ბექა ნაცვლიშვილმა განუცხადა.
საუბარია კონსტიტუციის 94-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, ახალი გადასახადების შემოღება ან გაზრდა მხოლოდ მთავრობის მიერ ინიცირებული რეფერენდუმის საფუძველზე არის შესაძლებელი.
„მთავრობას ეკონომიკური პოლიტიკის გატარების უფლება უნდა ჰქონდეს. ამიტომ გვინდა, რომ კონსტიტუციიდან ეს მუხლი ამოვიღოთ. აღნიშნული ჩანაწერი საკონსტიტუციო კომისიამ განახლებული კონსტიტუციის პროექტშიც დატოვა. პროექტის პირველი და მეორე მოსმენებისას კი, რომლის დროსაც წარმოდგენილ კანონპროექტში შესწორება უნდა შევიდეს, შეგვიძლია ეს მუხლი კონსტიტუციიდან ამოვიღოთ,“ - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.
"სოციალ-დემოკრატებმა" ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გააჟღერეს ინიციატივა, კონსტიტუციიდან აღნიშნული მუხლისა და „ეკონომიკური თავისუფლების აქტის“ ორგანული კანონის გაუქმების შესახებ. თუმცა, განახლებულ კონსტიტუციაზე მომუშავე საკონსტიტუციო კომისიამ, ახალი კონსტიტუციის პროექტში გადასახადების შესახებ 94-ე მუხლი უცვლელად დატოვა.
თაია არდოტელი