“ცენტრ პოინტის” საქმის ე.წ. "ბათუმის მაგნოლიას" ეპიზოდზე დაცვის მხარის 3 მოწმე დაიკითხა, რომლებიც პროკურატურის მიერ დაზარალებულებად არიან ცნობილი.
როგორც მოწმეები აღნიშნავენ, ისინი თავს დაზარალებულად არ მიიჩნევენ და კომპანია "ცენტრ პოინტთან" არავითარი პრეტენზია არ აქვთ.
მოწმეების ნაწილმა ასევე ისიც აღნიშნა, რომ არ იყვნენ ინფორმირებულები პროკურატურის მიერ დაზარალებულად ცნობის თაობაზე და არანაირი ოფიციალური დოკუმენტი ამის თაობაზე არ მიუღიათ.
გარდა ამისა, მათი თქმით, „ბათუმის მაგნოლიაში“ შეძენილი ბინები გაყიდეს და ახალ მფლობელებს მათთან არავითარი პრეტენზია არ გამოუთქვამთ.
ამასთან, როგორც "ცენტრ პოინტის" საქმის პროკურორმა აღნიშნა, ბრალდებულ მაია რჩეულიშვილთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, ვინაიდან პროკურატურის პირობა არ სრულდება და დაზარალებულების დაკმაყოფილება არ დაწყებულა.